Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა ჩერნიგოვის ოლქში სარაკეტო დარტყმას


ჩერნიგოვის ოლქის მცხოვრები სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლის ნანგრევებში. 2022 წლის აპრილი

უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს სოფელ დესნაზე.

ჩაუსი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად არიან დაღუპულები და ბევრი დაჭრილი. მათ ზუსტ რაოდენობას ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯერჯერობით ვერ ასახელებს. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

დღეს, 17 მაისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევზე რუსეთის არმიის შეტევისას, დედაქალაქიდან ჩრდილოეთში მდებარე ჩერნიგოვის ოლქში განადგურდა, ან დაზიანდა 3500-მდე შენობა, მათგან 80% საცხოვრებელი სახლი იყო. ბრიტანული დაზვრვის შეფასებით, ასეთი მასშტაბური ზარალი ადასტურებს რუსეთის მზადყოფნას, დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ არტილერია გამოიყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკების გათვალსწინების გარეშე.

რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის აღება ვერ შეძლეს უკრაინის არმიის წინააღმდეგობის შედეგად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევის და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ქვედანაყოფები მარტის ბოლოს გაიყვანა, თუმცა, ოფიციალურად ეს იმით ახსნა, რომ "უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებები გადადის პრაქტიკულ ჭრილში". მხარეებს შორის სტამბოლში, 29 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთს და უკრაინას მოლაპარაკება აღარ გაუგრეძელებიათ. კიევის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსეთმა მთავარ ამოცანად გამოაცხადა "დონბასზე სრული კონტროლის დამყარება".

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG