Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი რუს ჯარისკაც, სერჟანტ შიშიმარინისთვის, სამუდამო პატიმრობას ითხოვს


სერჟანტი ვადიმ შიშიმარინი
სერჟანტი ვადიმ შიშიმარინი

კიევში, სოლომენსკის სასამართლოში გამართულ პროცესზე, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუს სერჟანტ ვადიმ შიშიმარინისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.

მანამდე, რუსეთის სამხედრო მოსამსახურემ ვადიმ შიშიმარინმა სასამართლო სხდომაზე სომის ოლქის მკვიდრი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა.

ეს პირველი სასამართლო პროცესია, რომელზეც უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს განიხილავენ.

შიშიმარინს 28 თებერვალს ველოსიპედზე მჯდომი უიარაღო მამაკაცის მკვლელობას ედავებიან და „ომის სამართლის დარღვევაში“ ადანაშაულებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10-დან 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შიშიმარინი წარმოშობით ირკუტსკიდანაა, მსახურობდა მოსკოვის რეგიონის მე-4 სატანკო სამმართველოში რაზმის მეთაურად.

შიშიმარინი დააკავეს მას შემდეგ, რაც ის ტყედ ჩავარდა. უკრაინის პროკურატურის განცხადებით, მან დანაშაული გამოძიების ეტაპზევე აღიარა და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. შიშიმარინს სახაზინო ადვოკატი იცავს.

უკრაინის პროკურატურის თანახმად, შიშიმარინის ბრალეულობა ექსპერტიზისა და ჩვენების შედეგებით დასტურდება. უწყების განცხადებით, ხელთ აქვთ შიშიმარინის იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა.

უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედებებს გენოციდი უწოდა რამდენიმე ქვეყნის პარლამენტმაც.

XS
SM
MD
LG