Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აუკრძალა ოთხი მცირეწლოვანი შვილის ემიგრანტ დედას ქმარმა შვილებთან ურთიერთობა?


ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის ემიგრანტ დედას, ქმარმა და ქმრის ოჯახმა შვილებთან ურთიერთობის უფლება წაართვა. ქალის ქმარი და დედამთილ-მამამთილი 19 მაისს, მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდნენ დედა-შვილების სატელეფონო კომუნიკაციის აღდგენას, რაც საქმეში ადვოკატი, პოლიცია და სოციალური სამსახური ჩაერთო.

ბავშვების ადვოკატი ამბობს, რომ ამ პროცესში, ბავშვების უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა სკოლამ. ბავშვებთან ურთიერთობისას არაპროფესიონალიზმი გამოავლინა პოლიციამ, სოციალურმა სამსახურმა კი დროული რეაგირება არ მოახდინა. ადვოკატის თქმით, ბავშვებზე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 მაისს მოკვლევა დაიწყო.

რა მოხდა და სად ვითარდება მოვლენები?

4-დან 12 წლამდე ოთხი ბავშვი რამდენიმე თვეა მამასთან და ბებია-ბაბუასთან, სოფელში იზრდება. დედა დაახლოებით ნახევარი წლის წინ საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. ბოლო სამი კვირაა, დედას სრულად შეეზღუდა კომუნიკაციის უფლება შვილებთან. მიზეზი ცოლ-ქმარს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობაა. როგორც ბავშვების ადვოკატი, თეონა გოგლიჩაძე გვიხსნის, არ არსებობს არანაირი კანონიერი საფუძველი ან სასამართლო გადაწყვეტილება, რაც დედას ბავშვებთან ურთიერთობას აუკრძალავდა.

ქალმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარს“ ერთი კვირის წინ მიმართა და უთხრა, რომ გარდა იმისა, რომ ქმარი და დედამთილ-მამამთილი ბავშვებს მასთან კომუნიკაციას უშლიდნენ, შვილებს მის წინააღმდეგ განაწყობდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ.

ოთხი არასრულწლოვნის ადვოკატად „საფარის“ იურისტი, თეონა გოგლიჩაძე დარეგისტრირდა. 17 მაისს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა და შეატყობინა ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის შესახებ, 19 მაისს კი თავად ჩავიდა სოფელში ბავშვების სანახავად. თეონა ბავშვებთან სასაუბროდ სკოლაში მივიდა.

როგორ მოიქცა და რა არ გააკეთა სკოლამ?

სოფლის სკოლის დირექტორმა, თეონა გოგლიჩაძეს ბავშვებთან შეხვედრაზე უარი უთხრა:

„ბუნებრივია, მე ბავშვები უნდა მენახა სასკოლო პროცესის დასრულების შემდეგ, იზოლირებულად, რომ მათთვის ჩემთან საუბარი სტრესული არ ყოფილიყო, მაგრამ სკოლის დირექტორმა ჩემი იქ მისვლა აღიქვა, როგორც ბავშვებზე თავდასხმა და არ მომცა მათთან შეხვედრის შესაძლებლობა“.

როგორც თეონა გოგლიჩაძე გვეუბნება, სკოლის დირექტორისთვის კარგად იყო ცნობილი მისი სამი მოსწავლის ოჯახში არსებული პრობლემის შესახებ და იცოდა, რომ ბავშვებს დედასთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ. ადვოკატის თქმით, ბავშვების მამის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე, სწორედ დირექტორმა აუკრძალა კლასის დამრიგებლებს, რომ დედა-შვილებს მათი საშუალებით აღარ ჰქონოდათ სატელეფონო კომუნიკაცია:

„ბავშვები დედასთან ურთიერთობას დამრიგებლების დახმარებით ახერხებდნენ, მაგრამ ბოლო სამი კვირაა, ეს კომუნიკაცია შეწყდა, რადგან ბავშვების მამამ მოითხოვა, რომ ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვეტილიყო დედასა და ბავშვებს შორის“.

თეონა გოგლიჩაძის თქმით, სკოლის დირექტორმა იცოდა იმის შესახებაც, რომ ბავშვებს სკოლაში პრობლემები ჰქონდათ. თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, სკოლას არანაირი ღონისძიებისთვის არ მიუმართავს, გარდა იმისა, რომ ისევ ოჯახს შეატყობინეს, „ბავშვები აგრესიულები არიანო“:

„სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ ბავშვები არიან დასტრესილები. მითხრა, ერთ-ერთი ბავშვი კლასელების მიმართ აგრესიულიაო. ჩაკეტილები არიან და არ აქვთ კომუნიკაცია კლასელებთანო. გარდა ამისა, სკოლის დირექტორმა იცოდა, რომ მამა შვილებს დედასთან ურთიერთობას უკრძალავდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლას რეფერირების წესის თანახმად, ევალება ყველა მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, საქმეში ჩართოს სოციალური სამსახური და დაუკავშირდეს ფსიქოლოგს, სკოლას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ერთადერთი, რაც გააკეთეს, ოჯახს შეატყობინეს, ბავშვებს პრობლემები აქვთო და მამას და ბებია-ბაბუას ჰკითხეს, როგორ მოვიქცეთო. ამ შემთხვევაში, სკოლა კატეგორიული უნდა იყოს და თვითონ, დამოუკიდებლად უნდა მიმართოს სოციალურ სამსახურს და შესაძლო მოძალადეს არ უნდა ჰკითხოს, როგორ უნდა მოიქცეს, ეს არის აბსურდი“.

როგორც ბავშვების ადვოკატი გვეუბნება, ორმა მცირეწლოვანმა თქვა, რომ ისინი სკოლაში ბულინგის მსხვერპლები არიან, მათ კლასელები დასცინიან და ცუდად მოიხსენიებენ:

„თქვეს, რომ კონფლიქტი აქვს კლასელებთან. ოღონდ ისიც თქვეს, რომ ეს არ არის მათი ბრალი. მათ ამის შესახებ დამრიგებელსაც უთხრეს. შეატყობინეს, რომ ბავშვები მიმართავენ უხეშად, მათ მიმართ ზიზღს გამოხატავენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სკოლის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება“.

როგორ მოიქცა პოლიცია?

რაკი 19 მაისს, სკოლის დირექტორმა თეონა გოგლიჩაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბავშვებთან შეხვედრის უფლება არ მისცა, ადვოკატმა სკოლაში პოლიცია გამოიძახა. მართალია პოლიცია სკოლაში მივიდა, სკოლის დირექტორსაც გაესაუბრა, მაგრამ ადვოკატი ბავშვებს მაინც ვერ გაესაუბრა:

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას კანონში პირდაპირ არ უწერია, რომ ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების კომუნიკაციის უზრუნველყოფა მათი მოვალეობაა, პოლიციას ჰქონდა ბერკეტი, აეხსნა სკოლის დირექტორისთვის, რატომ და რისთვის ვიყავი მისული“.

მას შემდეგ, რაც ადვოკატის მხრიდან პოლიციაში გამოძახება დაფიქსირდა, სამართალდამცავებმა ბავშვებზე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. თუმცა, როგორც ადვოკატი გვიხსნის, ამ პროცესში სამართალდამცავებმა გამოავლინეს არაპროფესიონალიზმი, რამაც ბავშვების ხელახალი ტრავმირება გამოიწვია:

„სანამ მე პოლიციის განყოფილებაში ვაწესრიგებდი საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს, ჩემგან ფარულად, პოლიციის ხელმძღვანელმა ბავშვების სახლში გამოსაკითხად მეორე ეკიპაჟი გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ორდერები იდო, ოფიციალურად იყო დადასტურებული, რომ მე ბავშვების ადვოკატი ვარ, პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ბავშვები ჩემს გარეშე, სახლში გამოეკითხათ, იქ, სადაც შესაძლო მოძალადეები ცხოვრობენ. მოკვლევა ხომ სწორედ იმიტომ დაიწყო პოლიციამ, რომ შესაძლოა სწორედ ოჯახის წევრები ძალადობენ ბავშვებზე ფსიქოლოგიურად? ბავშვების ოჯახში გამოკითხვა არის მიუღებელი, რაც არ უნდა სოციალური მუშაკი და კანონიერი წარმომადგენელი ესწრებოდეს ამ პროცესს. იქ არის ის გარემო, სადაც ბავშვებს არ აქვთ აზრის ობიექტურად დაფიქსირების შესაძლებლობა“.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების გამოკითხვა გადაიდო, თეონა გოგლიჩაძე ამბობს, რომ ბავშვების თქმით, პოლიციამ მათ მაინც დაუსვა გარკვეული კითხვები, რამაც ბავშვებზე უარყოფითად იმოქმედა:

„ბავშვების გამოკითხვა საბოლოოდ იმ მიზეზით გადაიდო, რომ გვიანი იყო, ისინი ემოციურად გადაღლილები იყვნენ. ბავშვების გადმოცემით, პოლიციის თანამშრომელი მათ უსვამდა მატრავმირებელ კითხვებს. მაგალითად, რატომ იჩხუბეს დედამ და მამამ, რატომ დაშორდნენ ერთმანეთს და ა.შ“.

რა რეაგირება ჰქონდა საქმეზე სოციალურ სამსახურს?

ბავშვების ადვოკატმა სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს 17 მაისს მიმართა და აცნობა, რომ ქალს, რომელიც საზღვარგარეთაა სამუშაოდ, ოჯახის წევრები არ აძლევენ შვილებთან კომუნიკაციის საშუალებას. თეონა გოგლიჩაძე ამბობს, რომ სააგენტომ არ მოახდინა მყისიერი რეაგირება და პროცესში მხოლოდ 19 მაისს, მას შემდეგ ჩაერთო, რაც ბავშვებზე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. სოცმუშაკი ბავშვებს 19 მაისს, სახლში შეხვდა:

„სოციალურმა სამსახურმა არ გააკეთა დაუყოვნებლივი რეაგირება. საინტერესოა ისიც, რომ სოციალურმა მუშაკმა განაცხადა, რომ ბავშვებთან მისი და ჩემი ერთად მუშაობა იქნებოდა მიკერძოებული, თუმცა რა ნაწილში, ვერ გავიგე, რადგან სოცმუშაკიც და მეც წარმოვადგენთ ბავშვების ინტერესებს და რატომ უნდა წარმოქმნილიყო ინტერესთა კონფლიქტი, ვერ მივხვდი“.

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, ბავშვები დედას 19 მაისს, ადვოკატის ტელეფონით, ვიდეო-ზარის საშუალებით ელაპარაკნენ:

„მარტო უფროსი არ ტიროდა, ალბათ ერიდებოდა. დანარჩენი სამი ბავშვი სიხარულისგან ტიროდა. ენატრებათ დედა და ემოცია ასე, ტირილით გამოხატეს. ასაკით პატარები არიან და მიჯაჭვულობა აქვთ მასთან. დედა დაპირდა, რომ უახლოეს პერიოდში ისეთ ტელეფონს გამოუგზავნის, რომლის საშუალებითაც ბავშვები მოახერხებენ დედასთან ვიდეო-ზარით დარეკვას და ერთმანეთის დანახვას“, - გვეუბნება თეონა გოგლიჩაძე.

ამ ეტაპზე, რადიო თავისუფლებას არ აქვს საშუალება სკოლასა და სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს სთხოვოს განმარტება ემიგრანტი დედისა და მისი შვილების საქმეზე და დაუსვას კონკრეტული კითხვები, რაკიღა ადვოკატი შიშობს, რომ დამატებითი კითხვებით, შესაძლოა, დაწყებულ პროცესს ხელი შეეშალოს და ამ შიშის საფუძველს ასე გვიხსნის:

„საქმე გვაქვს სოფლის მოსახლეობასთან, სოციალური მუშაკიც ადგილობრივია, სპეციფიკურია ამ სოციუმის დამოკიდებულებები. არ არის გამორიცხული, რომ ჩარევას მოჰყვეს დამატებითი დაძაბულობა და ამიტომ, ამ ეტაპზე, ზედმეტი ჩართულობის გარეშე ვცდილობთ საკითხის გადაჭრას. ასე მხოლოდ იმის გათვალისწინებით ვიქცევით, რომ გამოძიება დაწყებულია და პროცესი რომ არ გაჭიანურდეს, არ გავართულოთ რომელიმე უწყებასთან ურთიერთობა და არ გაუარესდეს ბავშვების მდგომარეობა, ჯერჯერობით თავს ვიკავებთ კიდევ უფრო მეტი საჯაროობისგან. თუმცა, თუკი პრობლემა დროულად არ მოგვარდება, მოგვიწევს ყველა ჩართულ უწყებასთან კითხვების საჯაროდ დასმა“.

ემიგრანტი დედისა და მისი შვილების საქმე არ არის ერთადერთი საქმე, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის, სკოლამ, სოციალურმა სამსახურმა თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგვიანებული თუ არასწორი რეაგირება გამოავლინა. რადიო თავისუფლების არქივში ინახება უკანასკნელ წლებში, სხვადასხვა უწყების მიერ გამოვლენილი არასათანადო და რიგ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ქმედებისა თუ უმოქმედობის ფაქტები, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG