Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არ გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს უკრაინისთვის - "ჩამოწერილი" პუნქტები


დონეცკის ოლქი, ქალაქი მარიუპოლი, უკრაინა. 22 მაისი, 2022 წელი.
დონეცკის ოლქი, ქალაქი მარიუპოლი, უკრაინა. 22 მაისი, 2022 წელი.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად და ვისაც ეს ყველაფერი არასაკმარისი ჰგონია, საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა სურს.

"ომში ჩათრევის" სცენარის ხსენება, ხელისუფლების ჩვეულ პასუხად იქცა, როგორც ოპონენტების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე. ასეთი შეფასებები ისმოდა 24 მაისსაც, პარლამენტის სხდომაზე და დარბაზს მიღმა, როცა უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის შესაძლებლობებზე მსჯელობდნენ.

უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის გამოხატვა - საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო მოლოდინია და ეს საქართველოსაც შეეხება.

  • აქვს თუ არა საქართველოს რესურსი, რომ უკრაინას მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს?
  • რას ნიშნავს და რისთვის არის საჭირო მეტი მხარდაჭერა?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 23 მაისს "რადიკალურ ოპოზიციას" და "მათ უცხოელ ლობისტებს" მოუწოდა, რომ „ჩამოწერონ“ - რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად და არ გააკეთა.

მოწოდების ცინიკური ტონალობისა და რიტორიკული ჟღერადობის გამო, წინასწარვე ცხადი იყო, რომ არავინ არაფერს ჩამოწერდა, მაგრამ უკრაინის დახმარების მნიშვნელობიდან და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა 24 მაისს თავი არ აარიდეს ამ საკითხზე ლაპარაკს.

რა შეიძლება გაკეთდეს?

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ რადიო თავისუფლებასთან ძირითად საჭიროებებზე და მათ შორის - წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების აუცილებლობაზე ილაპარაკა.

ამ ჩამონათვალშია, მაგალითად, შემდეგი საკითხები:

  • „სასწრაფოდ... უნდა შეწყვიტონ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული] სანქციები არ მუშაობს. ეს არის რუსული პროპაგანდა და აზიანებს დასავლური სამყაროს ერთიან ძალისხმევას - დაასუსტონ რუსეთი“;
  • საპარლამენტო რეზოლუციაში უნდა იყოს მოხსენიებული რუსეთი, როგორც აგრესორი, „რაც ვერ გაბედეს მანამდე“;
  • უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის უნდა მიეცათ საქართველოს პარლამენტში გამოსვლის საშუალება [ზელენსკიმ მიმართა ბევრი ქვეყნის და, მათ შორის - აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს - რ.თ.];
  • უნდა შეწყდეს „ანტიუკრაინული სახელისუფლებო პროპაგანდა“;
  • პარლამენტმა უნდა აღიაროს უკრაინაში რუსეთის მიერ მოწყობილი გენოციდი - „ჩვენი რეზოლუციის პროექტი ჯერ კომიტეტსაც არ განუხილავს“;
  • სანქციებისთვის გვერდის ავლის გამოსარიცხად, უნდა მიიღონ "შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები" და მესაზღვრემ არ უნდა გადაწყვიტოს, რომელ ტვირთს გაატარებს და რომელს არა;
  • „ითანამშრომლონ უკრაინის შესაბამის უწყებებთან სანქციებთან დაკავშირებით“;
  • „სპეციალური, იოლად ხელმისაწვდომი პროგრამები უნდა შემუშავებულიყო უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის“;
  • საქართველო აქტიურად უნდა ჩაერთოს "უკრაინის სამომავლო და ამჟამინდელი აღდგენის სპეციალურ ეკონომიკური პაკეტებისა და „მარშალის გეგმის“ შემუშავებაში".

დეკანოიძე ასევე ფიქრობს, რომ საქართველოს შეუძლია უკრაინას მიაწოდოს, მაგალითად, მაღალი გამავლობის ავტომობილები, „რომლებიც სახელმწიფო უწყებებს ჰყავთ“; ასევე ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, სხვა ამუნიცია და ასევე, გაუგზავნოს გამნაღმველთა ჯგუფები.

„ამ ყველაფრის გაკეთება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ჩვენ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანა დაგვრქმეოდა... ასევე, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ლენდ-ლიზის აქტიდან [რომელიც აშშ-მ დაამტკიცა უკრაინისთვის - რ.თ.], საქართველოსაც მიეღო სარგებელი... საჭიროა განაცხადის შეტანა, რომ დაეხმაროს დასავლეთი საქართველოს, მათ შორის - შეიარაღების გაძლიერებაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხატია დეკანოიძე.

23 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა ასევე შემდეგი:
„სინამდვილეში, ერთადერთი, რაშიც არ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იმავე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი... თუ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს ის აღიზიანებს, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა და ქვეყანას წლის პირველ კვარტალში 14,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ამაზეც ღიად უნდა ვისაუბროთ“.
სანქციებთან დაკავშირებით კობახიძე ამბობს: „ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, არავითარი გამართლება არ ექნებოდა. საკუთარ ქვეყანას და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით“.
"ქართულმა ოცნებამ" „ომში ჩათრევად“ შეაფასა, 24 მაისს, ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივები უკრაინისთვის მეტი დახმარების აღმოსაჩენად.
ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული პირები, ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობაში ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებსაც ადანაშაულებენ.

რიტორიკის შეცვლა და სხვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, თეონა აქუბარდია გვეუბნება, რომ გადასახადის გადამხდელთა ფულით უკრაინისთვის გაგზავნილმა მასშტაბურმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ვერ გადაფარა საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, "რამაც ვერანაირად შექმნა უკრაინის მხარდაჭერის სურათი".

აქუბარდია საგანგებოდ იხსენებს იმ ფაქტსაც, რომ უკრაინის სოლიდარობის ნიშნად შეკრებილ ოპოზიციონერებს, 25 თებერვალს, სხდომათა დარბაზის კარი არ გაუღეს.

„არც მოლდოვა უერთდება სანქციებს, მაგრამ პრეზიდენტი მაია სანდუ ამას დანანებით აღნიშნავს. საქართველოს პრემიერმა კი, ჯერ კიდევ 25 თებერვალს თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს... ეს იყო დამაზიანებელი უკრაინის სოლიდარობის კონტექსტში... განცხადებები - „სანქციები არ მუშაობს“ და „ჩემს ქვეყანას ვერ დავაზიანებ“ - დასავლეთისთვის სილის გაწვნაც არის", - გვეუბნება აქუბარდია და დასძენს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ვერ მიაღწია სანქციების თემაზე „საგნობრივ განხილვას“.

დეპუტატი რადიო თავისუფლებასთან უკრაინის დახმარების შესაძლებლობებზე მსჯელობს:

  • „თუ გვინდა, რომ დასავლეთის ნაწილი გავხდეთ, მათ შორის - უნდა მივუერთდეთ სანქციებსაც, სადაც შესაძლებლობა გვაქვს“;
  • „გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ უკრაინას შევთავაზოთ წეროვანის ცენტრის მომსახურება, დაშავებულებისა და დაჭრილების რეაბილიტაციისთვის“;
  • საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი შეხვედრებზე, სადაც უკრაინის უსაფრთხოება განიხილება, აშშ-ის ბაზაზე, გერმანიაში, რამშტაინში, "როცა ამ ფორუმს, მაგალითად, კოლუმბია და ბოსნია-ჰერცეგოვინაც დაემატა";
  • „ლაზიკა“, „დიდგორი“ - ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის „სიმბოლური რაოდენობის გადაცემაც კი საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად“.

„რთული სურათი“ და გარანტია

„საქართველო არ გახდება შავი ხვრელი “ - ხელისუფლების ამ გზავნილის პრაქტიკული განხორციელების მექანიზმებს ვერ ხედავს „ლელო“.

როგორც დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, სადეპუტატო უფლებამოსილებების გამოყენებით, მის მიერ ჩატარებული მოკვლევა „რთულ სურათს“ ხატავს:

  • „სახელმწიფოს არა აქვს ერთიანი სტრატეგია და ხედვა, როგორ უნდა დავიცვათ თავი, რომ არ გადავიქცეთ „შავ ხვრელად“;
  • „არ არსებობს ამ სტრატეგიის განხორციელების ერთიანი ეროვნული გეგმა - რომელ უწყებას რა პასუხისმგებლობა აქვს და ვინ რაზეა ანგარიშვალდებული“;
  • „არ არსებობს პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის, ინფორმაციის მიმოცვლის, ანალიზის და საერთო ქმედებების დასახვის საკოორდინაციო ფორმატი“;
  • „არ არსებობს მოქმედებების შესრულების მონიტორინგი - არც აღმასრულებელი ხელისუფლების და, სამწუხაროდ, არც პარლამენტის დონეზე“;
  • „ინფორმაცია არის დახურული - მთელ რიგ უწყებებს დღემდე კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი არ მოუწოდებიათ“.

„ლელო“ გეგმავს, რომ „შავ ხვრელზე“ ჰკითხოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, როცა ის პარასკევს დეპუტატების წინაშე წარდგება.

„ერთი რამ დაგავიწყდათ - არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ საქართველო იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის... ეს დაგავიწყდათ, მთავარი...“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დეპუტატ ნაცვლიშვილის გამოსვლას.
დეტალური და საჯარო განხილვის სანაცვლოდ, ხელისუფლება საზოგადოებას სიტყვაზე დაჯერებას სთავაზობს.
„საქართველო იძლევა გარანტიას, რომ საქართველო ვერ გახდება ე.წ. შავი ხვრელი და სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა. აბსოლუტური სიგიჟეა, რომ ფაქტების გარეშე მსგავსი რაღაც იეჭვო“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. ის ფიქრობს, რომ საკითხი საკანონმდებლო ცვლილებებს არ მოითხოვს.

ოპოზიციამ უმრავლესობის წარმომადგენლებს, 24 მაისის სხდომაზე, შეახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვები, 22 აპრილით დათარიღებული წერილიდან, რომელიც საგარეო უწყებამ 23 მაისს გამოაქვეყნა. ბლინკენი ამ წერილში საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ „გადადგას ყველა შესაძლებელი ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ პასუხი აგოს ომის დანაშაულებისთვის".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ მეტი დახმარების საჭიროებაზე 19 მაისს ილაპარაკა. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ-ს და არავის სურს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კონფლიქტის გავრცობა აქ, საქართველოზე“.
შოლეს თქმით, ვაშინგტონი ელოდება, რომ: საქართველოს მთავრობა გააგრძელებს „უკრაინის ხალხისა და რუსეთის წინააღმდეგ მათი მამაცური ბრძოლის მხარდამჭერ განცხადებებს“... და „მათი დახმარება ამ სასტიკი ომის შემდეგ აღდგენაში იქნება არსებითი“.

სამხედრო დახმარება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში თვეზე მეტხანს იარაღით ხელში იბრძოდა, მეგობარი უკრაინისთვის საქართველოსგან აშკარად მეტი დახმარების საჭიროებას ხედავს, მაგრამ ვერ ხედავს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ნებას.

დეპუტატი ფიქრობს, რომ „ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გავაკეთოთ იგივე, რასაც აკეთებს, მაგალითად, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი“.

შეთავაზება ასეთია:

  • პოლონეთის მსგავსად, საქართველომაც უკრაინას უნდა მიაწოდოს საბჭოთა წარმოების იარაღი, რომელიც „ასე ნაცნობია უკრაინელებისთვის“ და სანაცვლოდ, ნატოს ქვეყნებისგან თანამედროვე იარაღი მიიღოს.
  • „ტანკები იქნება - T 72-ები, რომლებსაც [დასავლეთი - რთ] ანაცვლებს „აბრამსებით" და „ლეოპარდებით"... ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იქნება, ტანკსაწინააღმდეგო თუ ასე შემდეგ";
  • „იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ - ეს საბჭოური ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში, მით უფრო - „ლენდ-ლიზმა“ ამის შესაძლებლობა მოგვცა“.

ალექსანდრე ელისაშვილს უმრავლესობის რიგებიდან სოზარ სუბარმა შეუსწორა, რომ „ჯართის“ მიცემა უკრაინისთვის არასერიოზული იდეაა და რომ „ომში მყოფ ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება გამართული იარაღი და გამართული თავდაცვის საშუალებები...“.

მაგრამ სუბარის მთავარი სათქმელი სულ სხვა არის. ის ამბობს, რომ „ომში მყოფი ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდება“ მხოლოდ ნატოს ქვეყნებისთვის არის უსაფრთხო. საქართველოსთვის კი, ეს ომში ჩართვის ტოლფასია.

„როდესაც ლაპარაკია, რომ ეს გააკეთოს ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 22% არის ოკუპირებული, პრაქტიკულად ამ ტერიტორიებზე არიან რეჟიმები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის ჩაერთვება საქართველო ომში, რომ ამით თავისი ინტერესები დაიკმაყოფილონ და ამის განცხადებები მათ გააკეთეს...
როდესაც ქვეყანაში გვყავს მე-5 კოლონა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ომში იქნას ჩათრეული და არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ქვეყნის გარეთაც ბევრია მოსურნე, იმ ოკუპანტი ქვეყნის გარდა, რომ საქართველო ომში იქნას ჩათრეული, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს, მე მგონია, გასაგებია...
და ძალიან მინდა, რომ ბატონი ალეკო, ამ შემთხვევაში, არ ჩადგეს ამ ომის პარტიის წარმომადგენლების რიგში“, - ურჩევს სუბარი ელისაშვილს.

თუმცა, მაგალითად, ქართული წარმოების სამხედრო მანქანების, ჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების უკრაინისთვის მიწოდებას საპარლამენტო ოპოზიციაში საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს.

მათ შორის არის „გირჩის“ წარმომადგენელი“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილიც. მისთვის წარმოუდგენელია, რომ ასეთი სახის დახმარება სახიფათო იყოს საქართველოსთვის, რადგან, მისი შეფასებით, გაჩუმება რუსეთისგან თავის დაცვის გარანტია მაინც არ არის.

„ამ წამსაც ჩვენი დაცვის ერთადერთი მექანიზმია საერთაშორისო წესრიგი, რომლის უკანაც დგას დასავლეთი - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა. ის, რომ თბილისში არ დგანან რუსები, ეს ხომ არ გახლავთ ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების დამსახურება?! ჩვენი შეიარაღების გამო ხომ არ იკავებენ ისინი თავს?

რუსეთს არ სჭირდება მიზეზი. შეუძლია ნებისმიერ დღეს წამოიწყოს პროვოკაცია და გადაქოქოს ტანკები... ეს ჩვენ უკრაინის და მოლდოვის მაგალითზე ხომ მაინც ვნახეთ, თუ საკუთარი 2008 წლის მაგალითის არ გვჯერა... ჩვენი უსაფრთხოება სრულად არის დამოკიდებული ჩვენი პარტნიორების კეთილ ნებაზე, რა ფორმითა და საშუალებებით გადაწყვეტენ ისინი ჩვენს დაცვას“, - გვეუბნება მეგრელიშვილი.

შესაბამისად, დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ აძლევს ხელისუფლება თავს უფლებას, რომ ასე მწვავედ დაუპირისპირდეს დასავლელ პარტნიორებს და რატომ არ იყენებს საერთაშორისო ასპარეზზე გაჩენილ შანსებს.

მეგრელიშვილი თვლის, რომ საქართველოს უკრაინისთვის იარაღი უნდა გადაეცა აშშ-სა და ბრიტანეთთან მჭიდრო კოორდინაციით; პარალელურად უნდა განეხილა „ალტერნატიული თავდაცვის საშუალებებიც“ და ამ შანსის ხელიდან გაშვება „დამაზიანებელი იყო საქართველოსთვის“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG