Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლი, ნავთი და შეხვედრები ბრიუსელში - რას ელიან ღარიბაშვილისგან


ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი. შეხვედრა ბრიუსელში. 2022 წლის 17 მაისი
ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი. შეხვედრა ბრიუსელში. 2022 წლის 17 მაისი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინში ბრიუსელში საქართველოს, მოლდოვისგან განსხვავებით, რეფორმების საკვანძო მნიშვნელობას შეახსენებენ. 17-18 მაისს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეხვედრებს მართავდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიას შევსებული კითხვარის მეორე ნაწილიც გადასცა, საერთაშორისო პარტნიორებს ახალი შეკითხვები გაუჩნდათ - „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო.

როგორც რადიო თავისუფლებას ბრიუსელში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციაში უთხრეს, საქართველოსთან მიმართებით შეფასებები კრიტიკულია და, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

„შეხვედრის მთავარ თემებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი, შევსებული კითხვარი და კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს მზაობის შესახებ ევროკომისიის დასკვნა წარმოადგენდა“, - წერია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 18 მაისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.

აქვე აღნიშნულია, რომ მხარეებმა ისაუბრეს კითხვარის „შევსების სამუშაო პროცესზე, რაც ქვეყანამ ვადაზე ადრე, წარმატებით განახორციელა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ტვიტერის პოსტი მიუძღვნა თავად ევროკომისარმა ვარჰეიმ. მოკლე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად“ და ევროკავშირის კითხვარზე საქართველოსგან „პასუხების მიღებისთანავე, ევროკომისია შეუდგა დასკვნის მომზადებას ევროკავშირში საქართველოს განაცხადის შესახებ“.

თითქმის იდენტურია ტექსტი, რომელიც ევროკომისარმა ვარჰეიმ მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ასევე 18 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. თუმცა ამ ტექსტში დამატებით აღნიშნულია, რომ მოლდოვის შემთხვევაში - „შთამბეჭდავი იყო ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გაცემის სისწრაფე“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისიას უკვე 7 ივნისს ექნება მზად დასკვნები „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ კითხვარებზე გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით და შემდეგ, ეს დოკუმენტები შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მოქმედ ევროკავშირის საბჭოში უნდა განიხილონ.

რა უთხრეს საქართველოს?


18 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად განიხილა საჭიროებები, რომლებიც საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის თვალსაზრისის მომზადების პარალელურად იკვეთება:

„ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და რეფორმების დაჩქარების დრო... თავიდან იქნეს არიდებული ყველანაირი პოლიტიკური პოლარიზაცია. გაგრძელდეს რეფორმები, განსაკუთრებით - სასამართლო სისტემის მიმართულებით... სასამართლოს რეფორმა ჩვენთვის ყველა სხვა რეფორმის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ევროკავშირის პოლიტიკური სისტემა ეფუძნება კანონის უზენაესობას. ყველა კანდიდატს მოეთხოვება დამოუკიდებელი სასამართლო, სრულფასოვანი ანგარიშვალდებულებით, ხალხის ნდობის მქონე“.

სასამართლოს სისტემის რეფორმის საჭიროებაა ხაზგასმული ჟოზეპ ბორელის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტშიც.

ვიდეოკომენტარში ჟოზეპ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირში ძალიან აფასებენ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ხმის მიცემას გაეროში, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული - რთ] სანქციების შეფასება, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ეფექტიანობას“. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს სანქციების გვერდის ავლა.

ბრიუსელში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის - „პოლიტიკის კვლევის ტრანსევროპული ასოციაციის“ (TEPSA) აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ხოტენაშვილი გვეუბნება, რომ „ყველაზე დიდი წონა აქვს“ კითხვარის პოლიტიკურ ნაწილს - რომელიც დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს მოიცავს და „სწორედ აქ გვაქვს [საქართველოს - რთ] ყველაზე მნიშვნელოვანი უკუსვლა“.

შეხვედრები, რომლებსაც TEPSA ევროპარლამენტში, ევროკომისიასა თუ ანალიტიკურ წრეებში ესწრება, მარიამ ხოტენაშვილს ოპტიმისტურად არ განაწყობს ივნისში საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ „საქართველო უკრაინისა და მოლდოვის მატარებელს ჩამორჩეს“.

ხოტენაშვილი ამბობს, რომ, ამ მხრივ, საქართველოს „ისედაც სუსტ პოზიციაზე“ „ცეცხლზე ნავთის დასხმას“ ჰგავდა „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტი.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან 17 მაისს გამართული შეხვედრის შედეგ ტვიტერზე დაწერა, რომ ევროკავშირი მხარს უჭირს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგულია ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნის მიმართაც.

მიშელის მოკლე ტექსტში ხაზგასმულია, რომ „დემოკრატიზაციის პროცესსა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები“ საქართველოს ახლა „ესაჭიროება ისე, როგორც არასდროს“.

მსგავსი აქცენტები არ იკითხება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მიერ მოლდოვის პრეზიდენტთან, 17 მაისს, გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში.

ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა ისაუბრეს „საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე“.

რეფორმებისკენ მიუთითებს საქართველოს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.

„რეფორმები სასამართლო სისტემაში, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, ლგბტიქ+ და ადამიანის უფლებები რჩება საკვანძო მნიშვნელობის საკიხებად ქვეყნის [საქართველოს - რთ] ევროპული გზისთვის... კვლავაც ერთიანი იქნება ჩვენი მხარდაჭერა“, - წერს მეცოლა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში .

ტექსტი იწყება სიტყვებით - „კარგი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან. საქართველო მიეკუთვნება ევროკავშირის ოჯახს“.

ექსპერტებს პრობლემურად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ არსებობს ევროპარლამენტის მხარდამჭერი რეზოლუცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. უკრაინის შემდეგ, ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია, 5 მაისს, მოლდოვისთვისაც დაამტკიცა.

განსხვავებულია ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიერ მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან 18 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ტექსტები.
„მივესალმებით თქვენი ქვეყნის [მოლდოვის] ერთგულებას ევროპული პროექტის მიმართ“; „ერთიანი ვართ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ჩვენი საერთო ფასეულობების დაცვაში“, - წერს ტვიტერზე რობერტა მეცოლა, რომელმაც, ოთხშაბათს, მაია სანდუსთან ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართა.

მარიამ ხოტენაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუკი უკრაინის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს „მისი გმირული ომი ევროპული ღირებულებებისთვის“, ხოლო მოლდოვის შემთხვევაში „ბოლო დროს გატარებული რეფორმები”, საქართველოს შემთხვევაში - „მუდმივად აღნიშნავენ, რომ დემოკრატიის კუთხით უკუსვლა შეინიშნება“.

საქართველოს უკუსვლაზე ლაპარაკობს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი 9 ევროპარლამენტარი ღია წერილში, რომელიც ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ გამოქვეყნდა.

საპატიმრო განაჩენის გამოტანა „დამაჯერებელი მტკიცებულებების“ გარეშე წარმოადგენს „საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გაუარესებას“ და „ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რაც მოითხოვს დემორატიული ფასეულობების და, კერძოდ, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ერთგულებას“, - წერია ევროპელი დეპუტატების ტექსტში.

გვარამიას განაჩენს ევროპარლამენტარები უკავშირებენ ძველ პრობლემას - 19 აპრილს ხელმოწერილი „შარლ მიშელის შეთანხმების" შეუსრულებლობას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმირება იყო. თავიდან პარტიების ნაწილის მიერ გაფორმებულ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო 3 თვეში მას, პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, ცალმხრივად გამოეთიშა „ქართული ოცნება“.

„შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება აყენებს გამოუსწორებელ დარტყმას საქართველოს რეპუტაციას და ეჭვქვეშ აყენებს მის ევროპულ არჩევანს, გახდეს წევრობის კანდიდატი და საბოლოოდ - ევროკავშირის წევრი. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რასაც მოითხოვს და იმსახურებს საქართველოს ხალხი“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების 17 მაისით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: კუბილიუსი, ფოტიგა, გრეგოროვა, გალერი, აუშტრევიჩუსი, იუკნევიჩენე, გლიუკსმანი, მიკსერი და კრამონი.

ამ ჩამონათვალიდან, სხვადასხვა დროს გაკეთებული მწვავე შეფასებების გამო, არაერთს და არაერთხელ დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლება და ევროპელ კანონმდებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო მიკერძოებაშიც დასდო ბრალი.

თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ამ ევროპარლამენტარების სიტყვას ყურადღებით უსმენენ როგორც უშუალოდ ევროპარლამენტში, ასევე - ევროკავშირის სხვა სტრუქტურებში.

ხელმომწერთა შორის არის - ესტონელი ევროპარლამენტარი, სვენ მიკსერი, რომელიც ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ოჯახს („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“) წარმოადგენს და, ამავე დროს, საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელია ევროპარლამენტში. სწორედ მის მიერ იყო მომზადებული მწვავე ანგარიში - საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ.

ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებული მწვავე შეფასებები „ისტერიულ კამპანიად“ შეაფასა „ქათული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. როგორც მან 17 მაისს აღნიშნა, მსგავსი განცხადებები „ერთმნიშვნელოვნად, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად უნდა შეფასდეს“.

კობახიძის შეფასებით, ადამიანთა ჯგუფი წარსულში ხელისუფლებაში ყოფნისას, ახლა კი ოპოზიციის რიგებიდან, უსამართლობის გარშემო არიან კოორდინირებულები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სატელიტ მედიასაშუალებებსა და უცხოელ ლობისტებთან ერთად იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას.

„ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლებრივ სახელმწიფოში არსებულ წესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არავის უხარია, როდესაც ადამიანი შესაძლებელია დაექვემდებაროს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა, როდესაც კონკრეტული პირი სჩადის შესაბამის ქმედებას, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება, როგორიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული... თუ ვინმე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, არსებობს გასაჩივრება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია“, - უთხრა ჟურნალისტებს 18 მაისს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება მის მიმართ ნდობის განმტკიცებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით.

ევროკავშირი საქმის დეტალებსა და შინაარსს არ განიხილავს, მაგრამ, როგორც ელჩი აღნიშნავს, მათ შორის საყურადღებოა სახალხო დამცველის აპარატის მიერ დასმული შეკითხვები. ჰარცელის თანახმად, ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედიაპლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG