საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მათ ანგარიშებზე 2,5 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა. 24 მაისის მონაცემები კასიანოვმა მედიას ბრიფინგზე გააცნო.
მისი თქმით, საელჩოს სხვადასხვა ანგარიშზე ჩარიცხულია 2 380 625 ლარი, 57 ათას დოლარზე და 2600 ევროზე მეტი. ამ ეტაპზე, ელჩის თანახმად, საელჩოს ანგარიშებზე რჩება 845 ლარი, 21 ათას დოლარზე მეტი და 766 ევრო.
ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე დეტალურად წაიკითხა, რაში დაიხარჯა საელჩოს ანგარიშზე დარიცხული თანხა:
- შეძენილია 600 "საველე აფთიაქი", რომლის საფასურია 114 ათასი დოლარი;
- 50 ათასი დოლარი დაიხარჯა ბავშვთა კვების საშუალებებში;
- 90 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა ტაქტიკური მედიცინის და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად (სისხლდენის შესაჩერებელი ტურნიკეტები, დეფიბრილატორები და სხვა მასალები);
- 544 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა სურსათის შესაძენად (ქართული და პოლონური წარმოების თევზისა და ხორცის კონსერვები).
"ის თანხები, რომლებიც ისევ შემოდის დახმარების სახით, ისევ მიმართული იქნება იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები იყოს უზრუნველყოფილი. საელჩო ყველა იმ ადამიანს დაუჭერს მხარს, ვინც არის მზად დაგვეხმაროს", - თქვა კასიანოვმა და დასძინა, რომ საქართველოდან 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა 4 თვითმფრინავითა და 44 სატვირთო მანქანით.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სამი თვის წინ, 24 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე აგრძელებს. ამ ომის დროს იღუპებიან არა მხოლოდ ომში მონაწილე ჯარისკაცები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები. რუსეთის არმიის ნასროლი ბომბები ხვდება საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას.