Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრამონი: როცა დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით, თქვენი ღირებულებებით ევროპულ ოჯახში მოგესალმებით


ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი
ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ტვიტერზე წერს, რომ დამოუკიდებლობა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას აწმყოზე და მომავლის განსაზღვრას.

"ქართველებმა უმრავლესობით აირჩიეს ევროპული მომავალი. როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით, თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით მოგესალმებით ევროპულ ოჯახში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს", - წერს ის.

ვიოლა ფონ კრამონი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის დამოუკიდებლობის ფასი:

"გასულ საუკუნეში თქვენ ეს ორჯერ გამოაცხადეთ - პირველად რუსეთის იმპერიისგან, მეორედ, საბჭოთა კავშირისგან. დამოუკიდებლობა ადვილი არ არის, ის ბრძოლას და შრომას მოითხოვს.

ამ რთულ პერიოდში საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მხრიდან ქართული მიწების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, არასოდეს ვაღიარებთ ე.წ არჩევნებს ან ე.წ. რეფერენდუმს რუსეთთან "შეერთების" შესახებ. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში".

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG