"მთავარი არხის" წამყვანები და ჟურნალისტები რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, არხის ხელმძღვანელისთვის დამოუკიდებლობის დღის მისალოცად ჩავიდნენ. ამ დღეს ნიკა გვარამია ციხეში ხვდება.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დამოუკიდებელი მედია პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას ულოცავს", - თქვა "მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თამარ ბაღაშვილმა.
თითქმის ორი კვირის წინ, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.
დაწერეთ კომენტარი