Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის მიმართვა ოპოზიციას: „უჭერთ თუ არა სანქციებს მხარს, ამაზე პოზიცია არ დაგიფიქსირებიათ“


პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის მოსმენის დროს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„იმდენად უინტერესო და უშინაარსო გახდა ოპოზიციის გამოსვლები და თუნდაც კითხვები ამ სხდომათა დარბაზში, რომ მთლიანად მოტივაციაც კი გვაქვს დაკარგული ჩვენ, რომ გამოვიდეთ დებატებში, ვისაუბროთ და ა.შ. მინიმუმამდე არის, სამწუხაროდ, ეს მოტივაცია დასული. თუმცა, ჩვენ ვალდებულები ვართ საზოგადოების წინაშე, ვისაუბროთ იმ თემაზე, რასაც ეხება ჩვენი დღევანდელი დისკუსია ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში", - თქვა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ განსახილველ საკითხებს შორის, პირველი არის სანქციები და მეორე არის სანქციების გვერდის ავლა.

„ამდენი ხანი გვესმის საუბარი სანქციებთან დაკავშირებით და დღემდე ოპოზიციას ერთხელაც არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, თუ უჭერენ მხარს ამ სანქციებს. უჭერთ თუ არა თქვენ სანქციებს მხარს, ამაზე დღემდე პოზიცია არ დაგიფიქსირებიათ. დღეს მოგვესმა ჩვენ მხოლოდ ერთი დეპუტატის მხრიდან ის, რომ ცუდია, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. ისიც გაკვრით იყო ნათქვამი და არა პირდაპირი ფორმით, მაგრამ დღემდე ჩვენ არ ვიცით ოპოზიციის პოზიცია ამასთან დაკავშირებით", - თქვა დეპუტატმა. კობახიძემ ოპოზიციას მიმართა, დღეს მაინც გაეცათ პასუხი, უჭერენ თუ არა მხარს სანქციების დაწესებას. „არ არის არავითარი პასუხი. ამაზე მათ არ აქვთ პასუხი", - დაამატა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, სინამდვილეში რამდენად არასწორი და ირაციონალურია სანქციების დაწესება. „ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი, როდესაც შენ უნდა დააწესო ისეთი სანქცია, რომელიც სხვას, ამ შემთხვევაში რუსეთს ვერაფერს ავნებს, მაგრამ საკუთარ ქვეყანას და ხალხს უკიდურესად დააზიანებს, პასუხი არის დღესავით ნათელი და მაინც ჯიუტად არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას სანქციების შესახებ. გეყოთ გამბედაობა და თქვით, რომ თქვენ მხარს არ უჭერთ სანქციებს“, - მიმართა მან ოპოზიციას.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კობახიძეს იქვე, დარბაზიდან უპასუხა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს. დეპუტატმა კობახიძეს შეკითხვით მიმართა: თქვით სახელი და გვარი, ვინ თქვა, რომ სანქციებს ვითხოვთო?

კობახიძემ ოპოზიციის დეპუტატს პასუხისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი. ბატონი გიორგი ვაშაძე ხმამაღლა აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს სანქციებს. მადლობა პასუხისთვის, რომელიც გავიგეთ სამი თვის თავზე", - აღნიშნა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით კითხვებზე პასუხების გასაცემად შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. ესენი არიან: დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და დილარ ხაბულიანი.

ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატთა მიერ გაგზავნილ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პასუხობს.

ინტერპელაციის ფორმატი, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, ითვალისწინებს დებატების გამართვასაც.

XS
SM
MD
LG