Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღუპული და ძალით წაყვანილი ბავშვები, დანგრეული სკოლები - რუსეთის აგრესიაზე კიევი ახალ მონაცემებს ავრცელებს


ბავშვის სათამაშო უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში, სარაკეტო დარტყმით დანგრეულ საცხოვრებელ სახლთან. 2022 წლის 11 აპრილი
ბავშვის სათამაშო უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში, სარაკეტო დარტყმით დანგრეულ საცხოვრებელ სახლთან. 2022 წლის 11 აპრილი

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამხედრო აგრესიამ 242 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა და დაიჭრა კიდევ 440 ბავშვი.

უწყება განმარტავს, რომ ბავშვებს შორის ყველაზე მეტი მსხვერპლია: დონეცკის ოლქში - 153, კიევის ოლქში - 116 და ხარკოვის ოლქში - 108.

გენპროკურატურის ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ 26 მაისს, დონეცკის რაიონის ქალაქ მარიუპოლში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, მტრის ჭურვის აფეთქების შედეგად, 12 წლის ბიჭი დაიღუპა.

15 მარტს გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაული, როცა რუსეთის მიერ მარიუპოლის დაბომბვის დროს დაიჭრა 15 წლის ბიჭი, რომელიც იძულებით გადაიყვანეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებაში. "მასთან ერთად წაიყვანეს მისი 2 წლის ძმა და 14 წლის და", - აცხადებს გენპროკურატურა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ხშირი ავია და საარტილერიო იერიშების შედეგად, უკრაინის ტერიტორიაზე დაზიანდა 1888 სასწავლო დაწესებულება და მათგან 180 - მთლიანად განადგურდა.

„ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან მუშაობა გრძელდება დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში“, - აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურაში.

განსხვავებულია გაეროს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 24 თებერვლიდან 22 მაისის ჩათვლით, უკრაინაში დაიღუპა 3930 მშვიდობიანი მოქალაქე და მათ შორის - 257 ბავშვი.

XS
SM
MD
LG