საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, გაჩნდა საშიშროება, მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დისკვალიფიცირებულმა ქართველმა მკლავჭიდელებმა რუსეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღონ მონაწილეობა.
ჯაჭვლიანმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთიდან მას პირადად დაურეკეს და ალტერნატიულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობა შესთავაზეს.
„მსოფლიოს ფედერაციის მიერ საერთაშორისო შეჯიბრებებს ჩამოშორებულმა რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციამ გადაწყვიტა სევასტოპოლში ჩაატაროს ალტერნატიული მსოფლიოს თასი, რომელშიც კიდევ ერთი დისკვალიფიცირებული - ბელარუსის ნაკრებიც ჩაებმება. მოგეხსენებათ, ჩვენც დისკვალიფიცირებულები ვართ მსოფლიოს ფედერაციისგან და ახლახან რუსებმა პირდაპირ შემომთავაზეს მათ მიერ ორგანიზებულ „მსოფლიოს თასზე“ გამოსვლა. თან დამპირდნენ, რომ აბსოლუტურად ყველა ხარჯს თავად გასწევდნენ, ოღონდ კი დავთანხმდეთ. ჩემი ამ საკითხისადმი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, უარყოფითია, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ სპორტსმენთა ნაწილი თავიანთი ინიციატივით გაემგზავროს რუსეთში. მინდა, მივმართო სპორტის სამინისტროს, არ დაუშვას ალტერნატიულ შეჯიბრებაზე ქართველი სპორტსმენების გამგზავრება“, - თქვა სოსო ჯაჭვლიანმა.
საქართველოს მკლავჭიდის ნაკრებს 2025 წლამდე აქვს აკრძალული მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას კი სოლიდური ფინანსური სანქცია დაეკისრა. ამ მძიმე სასჯელის მიზეზი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლისთვისაც საქართველოს შარშან უნდა ემასპინძლა, მაგრამ სახელმწიფომ შეჯიბრების ჩატარება ბოლო მომენტში გადაიფიქრა.