Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის სასამართლომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პატიმრობა შეუფარდა


ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი სასამართლო სხდომაზე

საქართველოს მოქალაქეს, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც 31 მაისს ბათუმში სპეცოპერაციით დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ამით დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია.

ოზთურქს ბრალი ნარკოდანაშაულის მუხლით აქვს წარდგენილი. პროკურატურის მიერ დღეს, 2 ივლისს, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიების ფარგლებში ბიზნესმენის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 7,2159 გრამი კოკაინია ამოღებული.

ბიზნესმენის ადვოკატი სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ 1 000 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და პასპორტის ჩაბარებას სთავაზობდა. პროკურორი კი სასამართლო სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ გამოძიება დაწყებულია ფინანსური დარღვევების საქმეზე და არსებობდა დაკავებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.

მოსამართლის გადაწყვეტილება, ადვოკატების შეფასებით, პოლიტიზებულია. დაცვის მხარე პატიმრობის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

თურქი ბიზნესმენი ბათუმში 31 მაისს ფინანსურმა პოლიციამ დააკავა. კომპანია „მეტრო სითის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ეიფორიაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესაბამის მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა. სპეცრაზმი და საგამოძიებო სამსახურის სპეციალური ავტომანქანები მობილიზებული იყვნენ სასტუმროს ცენტრალურ შესასვლელში.

ბათუმში მომუშავე თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის სახელს პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები თუ მედიასაშუალებები აქტიურად უკავშირებდნენ გოგოლის ქუჩაზე წამოწყებულ მასშტაბურ, უკანონო მშენებლობას.

8 თებერვალს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, რომ „დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მშენებლობა შეჩერდა“.

კომპლექსს ადგილობრივებმა „ჩინელების დასახლება“ დაარქვეს, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან, ამ კორპუსებში ჩინეთის მოქალაქეებს შეასახლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG