Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი რუსეთის ელჩს: დარბაზიდან გასვლა უფრო იოლია, ვიდრე სიმართლის მოსმენა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში. 2022 წლის აპრილი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში. 2022 წლის აპრილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთი დაადანაშაულა უკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენასა და მსოფლიოსთვის სურსათით შანტაჟის მოწყობაში. 6 ივნისს, გაეროში გამოსვლისას მიშელმა ილაპარაკა არსებულ ცნობებზე იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები ომის იარაღად იყენებენ სექსუალურ ძალადობას, წამებას, ტერორს და რეპრესიებს. შარლ მიშელის განცხადებით, ეს არის სამარცხვინო საქციელი სამარცხვინო ომში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკრაინაში ბომბავს ხორბლის საცავებსაც, მიტაცებული ტერიტორიებიდან მარცვლეულს იპარავს და განვითარებად ქვეყნებში შექმნილ სასურსათო კრიზისს იარაღად იყენებს. მიშელმა უარყო მოსკოვის განცხადებები იმის შესახებ, რომ თავად რუსეთი ხორბლის ექსპორტს სანქციების გამო ვერ ახერხებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სანქციები სურსათით მომარაგებას არ ეხება.

შარლ მიშელი სიცრუეში დაადანაშაულა და დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ვასილი ნებენზიამ . ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააცილა რეპლიკით, რომ დარბაზიდან გასვლა უფრო იოლია, ვიდრე სიმართლის მოსმენა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის აპრილსა და მაისში და თავად ნახა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგები.

XS
SM
MD
LG