Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში დასრულდა თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ. ანკარა, 2022 წლის 8 ივნისი

თურქეთი კვლავაც მზად არის ორგანიზება გაუწიოს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას. ამის შესახებ დღეს, 8 ივნისს განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჩავუშოღლუმ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკების გზით დასრულება მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესებშია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების პროცესის განახლებისთვის დღეს გაცილებით უკეთესი გარემოა, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ იყო.

თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის სურს „შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის, კვირაში შვიდი პარასკევი აქვს“ და არაერთხელ თქვა, რომ მოლაპარაკებას მაშინ განაახლებენ, როცა რუსეთი თავის სამხედრო კონტინგენტს დააბრუნებს 24 თებერვლამდე არსებულ ხაზზე, რაც „არასერიოზული მიდგომაა“. როგორც რუსული სააგენტო "ტასი" წერს, ლავროვმა ისიც თქვა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, რაც მოლაპარაკებას განაახლებენ სამთავრობო დელეგაციები. რუსეთის და უკრაინის დელეგაციებმა ბოლო შეხვედრა 29 მარტს, სტამბოლში გამართეს და მას შემდეგ მოლაპარაკების პროცესი არ გაგრძელებულა.

რაც შეეხება უკრაინის პორტებიდან ხორბლის გატანას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რეალისტური უწოდა შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის შექმნის გეგმას და განაცხადა, რომ შესაბამისი მექანიზმი განიხილება გაეროს, რუსეთის, უკრაინის და თურქეთის მონაწილეობით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, რუსული მხარე მზად არის თურქ პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოს უკრაინის პორტებიდან გასული გემების უსაფრთხოება. ამასთან, ლავროვი ირწმუნება, რომ მთავარი პრობლემაა კიევის "გაჯიუტება" პორტების განაღმვის საკითხის გადასაწყვეტად.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების, „ინტერფაქსის“ და „ტასის“ ცნობით, ლავროვმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ უკრაინული ხორბლის გამო შექმნილ სიტუაციას სასურსათო კრიზისთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან უკრაინა არ აწარმოებს იმ რაოდენობის ხორბალს, რომ მისმა დეფიციტმა მსოფლიოში კრიზისი შექმნას. ლავროვის თქმით, არსებულ ვითარებას უკრაინა და დასავლეთი წარმოაჩენენ "სამყაროს მასშტაბის კატასტროფად".

დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთს ბრალს სდებენ უკრაინის პორტების დაბლოკვით გლობალური შიმშილის საფრთხის შექმნაში. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ სურსათით მსოფლიოს მომარაგების უსაფრთხოება დარღვეულია დასავლეთის სანქციების გამო. ამასთან, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სურსათით მომარაგებას არ ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG