Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მოლდოვამ შეძლო ის, რაც "ჩვენ გვიჭირს"


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მოლდოვამ, რომელიც საქართველოს მსგავსად ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყანაა, გააკეთა ის, რაც "ჩვენ გვიჭირს".

ბრიფინგზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შევსების (3 მარტი, 2022 წელი) შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებისა თუ უმოქმედობის კრიტიკას მიეძღვნა, პრეზიდენტმა თქვა, რომ ბოლო რამდენიმე თვეში საქართველომ გაანაწყენა ის ქვეყნები, რომლებიც მანამდე ტრადიციული მოკავშირეები იყვნენ.

"კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა - "სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა" ასევე გაღიზიანებას აჩენს ყველა ჩვენი პარტნიორებისგან, რამეთუ ადვილია ამაზე პასუხი: თუნდაც, ის, რაც გააკეთა მოლდოვამ... ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არავის არც მისგან და არც ჩვენგან მეტი სანქციები, არც ომში ჩართვა არავის მისგან არ მოუთხოვია და არც ჩვენგან. მაგრამ, მოლდოვამ შეძლო ის, რაც, როგორც ჩანს, ჩვენ გვიჭირს - გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია", - თქვა მან.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე ანალოგიური მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

რეზოლუცია "მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე." უკრაინის და მოლდოვის წევრობის სტატუსს ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერა აქვს.

XS
SM
MD
LG