Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიდრე შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა - რა ფასი აქვს "ოცნებისა" და ქვეყნისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას


ევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები

​​​​​​​„ქართულმა ოცნებამ“, პარტიამ, რომელიც საქართველოს 2012 წლიდან მართავს, ომში ჩათრევის ბრალდებებით უპასუხა ევროპელი პარლამენტარების ბოლო გაფრთხილებას, რომ - საჭიროა მოქმედება, ვიდრე „შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ ისევ ღიაა“.

9 ივნისს დამტკიცებულ კრიტიკულ რეზოლუციაში „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დაცულობის ხელყოფის შესახებ“, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ პერსონალური სანქციების დაწესების განხილვას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილსადმი, რომელსაც, როგორც რეზოლუციაში ჩაიწერა, კავშირები აქვს კრემლთან და დესტრუქციულ როლს“ თამაშობს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში.

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ასევე 9 ივნისს მიღებულ დეკლარაციაში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა განაცალკევეს უკრაინისა და მოლდოვის მკაფიო მხარდაჭერისგან, და თქვეს, რომ საქართველოსთან სამუშაოა, იმავე სტატუსის მისაღებად.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ფეიკია“ და „ჩალის ფასი აქვს“ რეზოლუციას, რომელსაც „კრიმინალების მფარველების“ მიერ „შეცდომაში შეყვანილი“ ასობით ევროპელი დეპუტატი უჭერს მხარს და ყოველივე ეს [კრიტიკა, ზეწოლა] „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზანს ემსახურება.

თუკი საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, „ოცნება“ ოპიზიციისა და ევროპელთა კულუარულ ამბებსა და „პირად საუბრებს“ გამოამზეურებს - ეს მუქარა დღეს ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა.

  • სადამდე შეიძლება მივიდეს „ქართული ოცნების“ დაპირისპირება ევროპელ პოლიტიკოსებთან?
  • იხურება თუ არა „შესაძლებლობის ფანჯარა“ და ეტყვიან თუ არა საქართველოს უარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე?

არა უპირობოდ

„ადამიანის უფლებების დარღვევები ჩინეთში, ნიკარაგუასა და საქართველოში“ - ასეთი სათაურის პრესრელიზი ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე 9 ივნისს გამოქვეყნდა და ის, საქართველოს შემთხვევაში, ევროპარლამენტარების მიერ ამავე დღეს დამტკიცებული მწვავე რეზოლუციის შესახებ იუწყება.

„თუკი საქართველო შეასრულებს ამ პირობებს, ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს მოწოდებით, რომ იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, - პრესრელიზის ტექსტში მოყვანილი ამ წინადადებით ჩანს, რომ ევროპარლამენტი ამ ეტაპზე, პირობების შესრულებამდე, არ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს მიდგომა, რეზოლუციის ტექსტის გარდა, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების განცხადებაშიც აისახა.

9 ივნისს დამტკიცებულ განცხადებაში ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავენ, რომ - მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს შეთხვევაში იმუშაონ საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებლად“.

მანამდე, განცხადების 7 ივნისს გავრცელებულ პროექტში საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად იყო მოხსენიებული.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მოქმედმა ევროკავშირის საბჭომ, რომელიც 23-24 ივნისს შეკრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს.
მთავრობათა ხელმძღვანელების გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება თვალსაზრისზე, რომელსაც ევროკომისია სავარაუდოდ 15-17 ივნისს გამოაქვეყნებს და რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მთავრობების მიერ მანამდე შევსებულ კითხვარებს.

ევროპარლამენტი უშუალოდ არ იღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტი ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე და არც ევროპარლამენტის რეზოლუციაა სავალდებულოდ შესასრულებელი, მაგრამ, როგორც ბრუსელის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მკვლევარი, ანა ანდღულაძე განმარტავს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“, „ევროპელი ხალხის მიერ არჩეული“ ევროპარლამენტარების „ნებისმიერი პოზიცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის, ასევე წევრი სახელმწიფოებისთვის“ და ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია.

თუკი საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დასავლელ პარტნიორებს კულუარული ინფორმაციის გამომზეურებით ემუქრება.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლიანობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება...

გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისა და შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ის ამბობს, რომ ევროპარლამენტარების რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“ და სრულ ფეიკს წარმოადგენს. მსგავსი განცხადებები დღეს „ქართული ოცნების“ ბევრმა წარმომადგენელმა გაიმეორა.

ასეთი „გამომწვევი განცხადებების“ ფონზე ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველომ მართლაც ვეღარ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, „ასეთი მიდგომებით, შესაძლოა, საქართველო, ბელარუსის მსგავსად, თანდათან იზოლაციაშიც მოექცეს. ბელარუსიც თანდათან მოხვდა იქ, სადაც მოხვდა“.

კაკაჩიას უკვირს, რომ „ქართული ოცნება“ არც საკუთარი პოლიტიკური ოჯახის - „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ - წარმომადგენელი ევროპარლამენტარების კრიტიკას უსმენს.

მაგალითად, ამ ჯგუფის წარმომადგენელი ევროდეპუტატი, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ მიკსერი რეზოლუციის ტექსტის თანაავტორია. 8 ივნისს გამართული მწვავე დებატების დროს მან, მაგალითად, თქვა შემდეგი:
საქართველოს მთავრობის ქცევა ბოლო დროს იმედის გამაცრუებელი და შემაშფოთებელია არაერთი მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენ უფრო მომთხოვნი პოლიტიკა უნდა გვქონდეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“.
ამავე ჯგუფიდან არის მარინა კალიურანდიც. ესტონელმა დეპუტატმა 8 ივნისს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, რომ დღევანდელი დისკუსიაგამოსაფხიზებელ მოწოდებადმიიღონ და დაიწყონ ერთად მუშაობა აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებზე, ვიდრე შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა“.

ძველი საყვედურები და სიახლე

მედიასა და პოლიტიკოსებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხთან ერთად, ევროპელები სანქციებს ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო და ხაზგასმულია სასამართლო რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობა.

ტექსტში დაგმობილია 5 ივლისის მოვლენები და ჟურნალისტებზე მასობრივად მიტანილი იერიში.

ურადღება გამახვილებულია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სადავო განაჩენზე „რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მუდმივ უნდობლობას“. ტექსტი შეეხება ტელეკომპანიების - „პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებს და პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების სადავო სამართალწარმოებას.

ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირების საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

რეზოლუციაში ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ამბავიც.

ეს ის საკითხებია, რომლებზეც ევროპარლამენტარები, განსაკუთრებით ბოლო წლებსა თუ თვეებში, მუდმივად ამახვილებდნენ ყურადღებას.

ძირითადი სიახლე კი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რომლის საკითხიც რეზოლუციის ტექსტში, დამატების სახით, 9 ივნისს შევიდა.

პირველად საქართველოს ახლო წარსულში, რეზოლუციაში დასახელებულია კონკრეტული პირი, რომელსაც ევროპარლამენტარები საქართველოში შექმნილი რთული მდგომარეობის შემოქმედად ხედავენ და ევროკავშირის ევროპულ საბჭოსა და ევროპელ პარტნიორებს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.

ტექსტში ღრმა შეშფოთებააგამოხატული ივანიშვილის კრემლთან კავშირებზე, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ“.

ევროკავშირი თავად ფლობს არაერთხელ ამოქმედებულ მექანიზმს, რომელიც მას კონკრეტულ პირებზე სანქციების დაწესების საშუალებას აძლევს.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების გლობალური მექანიზმი ევროკავშირში 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა.
მასმაგნიტსკის ევროპულ კანონსაცუწოდებენ და ითვალისწინებს სანქციებს ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. მაგალითად, ერთი წლის წინ, „მაგნიტსკის აქტისევროპული ანალოგით ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები, მათ შორის, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის 11 მოქალაქისა და ოთხი კომპანიის მიმართ.
ევროკავშირმა ეს მექანიზმი პირველად გამოიყენა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის - ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და გასამართლების პროცესთან დაკავშირებით.
მაშინ სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის ოთხი მოქალაქე - ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები: გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ კალაშნიკოვი და როსგვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი.

„ოცნების“ პასუხი ევროპელ პოლიტიკოსებს

ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკი, მისი ღვაწლის ხაზგასმა და ქება დღეს „ოცნების“ არაერთმა ლიდერმა და უშუალოდ მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრემ, პარტიის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემაც იტვირთა.

მათ თქვეს, რომ სწორედ ივანიშვილის დამსახურებით აჯობა საქართველომ თავისი მაჩვენებლებით ბევრ ქვეყანას და მათ შორის - ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სწორედ მისი [ბიძინა ივანიშვილის] ლიდერობით გატარებული რეფორმების შედეგია ის, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაუჩნდა კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს.

ივანიშვილთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მანამდე შვეიცარიულ ბანკში მისი ტრანზაქციის, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში მისი მოძრავი ქონების შეფერხების გამო დაადანაშაულეს და ბრალზეც მიუთითეს - უნდათ ივანიშვილზე ზეწოლა, რათა ის დაბრუნდეს ხელისუფლებაში და საქართველო ჩართოს ომში.
„ოცნებას“ მაშინ კონკრეტულად არავინ დაუსახელებია, მაგრამ მისი გამოკვეთილი მხარდამჭერები და მასთან აფილირებული პირები ხელს პირდაპირ აშშ-ს ადებდნენ.

ომში ჩართვა

ომში ჩართვის სცენარი 9 ივნისსაც ბევრჯერ ახსენეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. მათი ლოგიკაა, რომ - რეზოლუციის ტექსტი 10-მდე ევროპარლამენტარმა თავს მოახვია სხვა ასობით კოლეგას და, მათი შეფასებით, ეს სწორედ ის ჯგუფია, რომლის ქმედებებიც საბოლოოდ საქართველოს ომში ჩართვის მიზანს ემსახურება.

ირაკლი კობახიძის გარდა, ომის მსურველებზე დღეს ვრცლად ილაპარაკა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

„ჩვენ სხვაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს... დღეს რთულია ევროპაში იმ ნარატივის გატარება, რომ საქართველომ არ უნდა იომოს და დაიჭიროს ის პოზიცია, რაც აქვს. ამ საკითხზე ბევრს კამათობენ... ხელს ვადებ პირდაპირ - მათი [ნაციონალური მოძრაობის] ლობისტები და დავალელების მიმცემები... არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ გეგმაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მიდის მეორე ფრონტის გახსნამდე... ეს არის მათი გენერალური ინტერესი და, სამწუხაროდ, ამ გენერალური ინტერესის განხორციელებაში ჩართულია 10-ზე მეტი ევროპელი ჩემი კოლეგა“, - უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

პოლიტოლოგ გია ნოდიას შთაბეჭდილებით, „საქართველოს ომში ჩართვის“ ასე ხშირად ხსენება „ოცნების“ პოლიტკონსულტანტების ნაკარნახებს ჰგავს.

„ეტყობა, პოლიტკონსულტანტებმა გამოითვალეს, რომ ომში ჩართვაზე ლაპარაკი მომგებიანი გზავნილია და უთხრეს, დაარიგეს, რომ სადაც შეძლებენ, ყველგან ეს საკითხი ჩააკვეხონ... რაღაც ავტომატიზმია - სადაც მიკროფონიან ჟურნალისტს ნახავენ, სულ ამას იმეორებენ, რომ მოწინააღმდეგეებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ“, - გვეუბნება გია ნოდია.

ის ფიქრობს, რომ დასავლელი პარტნიორების ასე მოხსენიება და მათთან ასეთი შეუპოვარი ბრძოლა საქართველოში ანტიდასავლური განწყობების ზრდასაც უწყობს ხელს და სწორედ ასეთია ელექტორატის ანტიდასავლური ნაწილის დაკვეთაც, რომელზეც, გია ნოდიას დაკვირვებით, „ქართულმა ოცნებამ“ „ფსონის დადება“ სადღაც 2018 წლიდან გადაწყვიტა .

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდოდეს კიდეც დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ, მისი შეფასებით, მმართველ პარტიას ახლა უფრო „ხელისუფლების შენარჩუნების მიზანი“ ამოძრავებს.

გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ფანჯარას ხურავს და ამ ფონზე, შემთხვევთი არ არის შემოთავაზება რუსეთის მხრიდან.

„როცა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დახუროს ფანჯარა ევროკავშირთან, უცბად [სერგეი] ლავროვი გვევლინება წინადადებით... თუკი ვინმეს საქართველოში ექნება ცდუნება, წავიდეს ქართველების 80%-ის ნების წინააღმდეგ, თავდაპირველად სთხოვეთ ლავროვს, სწრაფად დახატოს საქართველოს ისეთი რუკა, როგორიც მას წარმოუდგენია“, - ამ წარწერით აზიარებს ევროდეპუტატი ინფორმაციას, თუ როგორ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი - შეუერთდეს თურქეთის მიერ ინიცირებულ ფორმატს „3+3“, სადაც თავად რუსეთიც აქტიურობს.

ამ ფორმატზე ადრე უარი აქვს ნათქვამი საქართველოს ხელისუფლებას.

დარჩენილ დროში...

ოპოზიციის ლიდერები თვლიან, რომ საქართველო ევროპულ მომავალს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო კარგავს და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული.

9 ივნისს, ისინი მთელი დღის განმავლობაში მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ დარჩენილი დრო გამოიყენოს ბრიუსელისთვის მონდომების საჩვენებლად და ზოგიერთი პრობლემის გამოსასწორებლად.

რადგანაც რეზოლუციაში მთავარი აქცენტები „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სადავო განაჩენსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის არასათანადო დაცვაზე კეთდება, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, კარგი გამოსავალი იქნებოდა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ; ხოლო სააკაშვილის შემთხვევაში - საერთაშორისო ექიმების ჩამოყვანა და ჰუმანიტარული მიზნებით“ მის საზღვარგარეთ გადაყვანაზე მსჯელობის დაწყება.

ფრაქცია „ლელო“ ხელისუფლებას ურჩევს, დაუბრუნდეს „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომელსაც „ოცნება“ ცალმხრივად გამოეთიშა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვიანებით მოაწერა ხელი. ამით ევროპელი კოლეგები დაინახავენ, რომ მთავრობა გონს მოვიდა, ოპოზიციის ის ნაწილიც სხვაგვარად ფიქრობს, ვინც თავის დროზე ამ პროცესს არ შემოუერთდა ან დააგვიანა და საერთოდ, ჩვენ ყველანი გონს მოვეგეთ“, - თქვა 9 ივნისს „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა.

დღის ბოლოს, ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა ისევ ტვიტერზე დაწერა, რომ ჯერ კიდევ არის ცოტა დრო ევროკავშირის სამიტამდე, რომ საქართველოს პოლიტიკოსებმა დაიწყონ ვითარების გამოსწორება, „შეწყვიტონ პოლარიზაციის ენა, ისევ შეუერთდნენ 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყონ მართლმსაჯულების გაუმჯობესება და შეაჩერონ რუსეთის დეზინფორმაცია“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG