რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი „უკრაინაში არ შეჭრილა“ და ის, რაც გააკეთა, არის პასუხი დასავლეთის „დანაშაულებრივ საქმიანობაზე“. ლავროვმა, რომელიც “პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს“ ესწრება, BBC-ს ჟურნალისტ სტივ როზენბერგთან ინტერვიუში ისიც თქვა, რომ არ რცხვენიათ თავი წარმოაჩინონ ისეთად, როგორიც არიან.
„ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ. ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როცა უკვე აღარ დაგვრჩა არანაირი საშუალება დასავლეთისთვის აგვეხსნა, რომ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა ნატოში უკრაინის შეთრევით“, - განაცხადა ლავროვმა.
BBC-ს კორესპონდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეახსენა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, მიშელ ბაჩელეტის მიერ მაისში ნათქვამი, რომ უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეში, რუს სამხედროებს 28 დღის განმავლობაში სკოლის სარდაფში, ტუალეტის გარეშე და თითქმის უწყლოდ გამომწყვდეული ჰყავდათ 360 ადამიანი, მათ შორის 74 ბავშვი და შეზღუდული შესაძლებლობის 5 პირი და ამ პირობებში 10 ხანდაზმული გარდაიცვალა. გაეროს უმაღლესი კომისრის ამ ციტატის შემდეგ, ჟურნალისტმა ლავროვს ჰკითხა: „ეს ნაციზმთან ბრძოლაა?“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი იყო, რომ საერთაშორისო ჩინოვნიკები, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი და გაეროს გენერალური მდივანიც დასავლეთის ზეწოლას განიცდიან და „ხშირად გამოდიან რუპორად იმ ფეიკების, რომლებსაც დასავლეთი ავრცელებს“. ჟურნალისტის შეკითხვას: „გამოდის, რომ რუსეთი ისევ თეთრი და ფაფუკია?“ ლავროვმა უპასუხა: „არა, რუსეთი არც თეთრი და არც ფაფუკია. რუსეთი არის ისეთი, როგორც არის და ჩვენ არ გვრცხვენია თავი ვაჩვენოთ ისეთებად, როგორიც ვართ“.
BBC-ს ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა ორ ბრიტანელს და მაროკოელს, რომლებიც უკრაინის არმიაში კონტრაქტით მსახურობდნენ და ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ“ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. როცა ჟურნალისტმა ლავროვს უთხრა, რომ დასავლეთის თვალში ამ ადამიანების ბედზე რუსეთია პასუხისმგებელი და შეკითხვის დასმას აპირებდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვა გააწყვეტინა და განაცხადა, რომ მას „დასავლეთის თვალები საერთოდ არ აინტერესებს“ და აინტერესებს „მხოლოდ საერთაშორისო სამართალი“, რომლის თანახმად, „დაქირავებულები არ არიან კომბატანტები“. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, კომბატანტი მეომარი მხარის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირია და მისი უფლებები შესაბამისად დაცული უნდა იყოს.
როცა ჟურნალისტმა ლავროვს უთხრა, რომ ეს პირები დაქირავებულები არ არიან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ლავროვი დარწმუნებულია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში "სასამართლო დამოუკიდებელია".