Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ოთხი "დიდი თემიდან" საქართველო ერთში იყო "მყარად"


დეპუტატი გიორგი ხელაშვილი
დეპუტატი გიორგი ხელაშვილი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირმა იმ საკითხს მიაქცია ყველაზე ნაკლები ყურადღება, რაშიც საქართველოს ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა. "იმედის" ეთერში მან თქვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ოთხ საკითხს ექცეოდა ყურადღება, საიდანაც საქართველო "მყარად" მხოლოდ ერთში იყო.

"იყო ოთხი დიდი თემა, აქედან მხოლოდ ერთში ვიდექით მყარად. პირველი - ევროპის გადაღლა გაფართოებით, მეორე - გეოპოლიტიკა და უკრაინის კონფლიქტი, მესამე - ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო და მეოთხე - ქვეყნის შიგნით მიმდინარე, ძალიან მძაფრი პოლარიზაცია.

ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი იყო ჩვენს მხარეს - ჩვენი შესრულებული სამუშაოები და გატარებული რეფორმები, დანარჩენი სამი - პოლარიზაცია, გეოპოლიტიკა და ევროპის შიდა გადაღლა და ურყოფითი განწყობა გაფართოების მიმართ იყო ჩვენი ხელის შემშლელი ფაქტორები. სამწუხაროდ, ევროპამ ყველაზე ნაკლები ყურადღება მიაქცია იმას, რისთვისაც ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მიექცია", - თქვა გიორგი ხელაშვილმა "იმედის" ეთერში.

გეოგრაფიული მდებარეობა ახსენა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრის დროს ირაკლი კობახიძემაც, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ 17 ივნისს, როცა ცნობილი გახდა რეკომენდაციების შინაარსი.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

გუშინ, 17 ივნისს კი ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება - აიღებს და შეასრულებს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოში ოლიგარქი ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი მეწილე - დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილია და არა მათი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი.

XS
SM
MD
LG