გორის რაიონულმა სასამართლომ 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს. ამავე დანაშაულის კიდევ ერთ მონაწილეს კი 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს ქ.გორში ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას.
აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩვეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარის შესახებ ბრალდებულებმა უთხრეს მეგობარს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სამართალდამცავებმა ხუთივე ბრალდებული 10 ოქტომბერს დააკავეს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის სასჯელის დანიშვნისთვის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება.