Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიის კონტრშეტევა „ისტორიული კვირის“ დასაწყისში


უკრაინელი სამხედროები ისვრიან BM-21 Grad-ის სარაკეტო სისტემიდან ქალაქ ბახმუტის სიახლოვეს. 2022 წლის 12 ივნისი
უკრაინელი სამხედროები ისვრიან BM-21 Grad-ის სარაკეტო სისტემიდან ქალაქ ბახმუტის სიახლოვეს. 2022 წლის 12 ივნისი

20 ივნისს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ დაადასტურა უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიში, რომლის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა რუსეთის მიერ 2014 წელს მიტაცებული კომპანია „ჩერნომორნეფტოგაზის“ უკრაინის კუთვნილი ჭაბურღილის კოშკები. 

„დღეს დილით მტერმა იერიში განახორციელა „ჩერნომორნეფტოგაზის“ საბურღ პლატფორმებზე. არიან დაჭრილები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები. ვმუშაობთ ხალხის გადარჩენაზე“, - ამის შესახებ ყირიმის პრორუსული ადმინისტრაციის მეთაურ სერგეი აქსიონოვზე დაყრდნობით ინფორმაცია ტელეგრამის არხით რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა.

უკრაინის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიში ყირიმის ფარვატერზე დაემთხვა უკრაინის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული „ისტორიული კვირის“ დადგომას, როდესაც ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს უკრაინისათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი. შესაბამისად, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთის მხრიდან „მტრული ქმედებების გაძლიერებას“ კიევი სწორედ ამ კვირაში ვარაუდობს და მზადაც არის ყველანაირი სიურპრიზისთვის.

„20 ივნისის სარაკეტო იერიშით უკრაინის არმიას სურდა იმის დემონსტრირება, რომ ნებისმიერი მიმართულებით შესწევს კონტრშეტევაზე გადასვლის ძალა და აღარ მოითმენს უკრაინული მარცვლეულის ბლოკადას, რომელსაც მოსკოვი სწორედ ამ მიტაცებულ ჭაბურღილის კოშკებსა და კუნძულ „ზმეინის“ შორის მდებარე 50-კილომეტრიანი გასასვლელის ბლოკირებით ახერხებდა“, - ამბობს მიხაილო სამუსი, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი.

მოსკოვი ცდილობს, 26 ივნისამდე დაიკავოს მთელი ლუგანსკი

უკრაინის სამხედრო უწყების ინფორმაციით, 20 ივნისიდან რუსეთის არმიამ განაახლა შეტევები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის მიმართულებით, რათა, რადაც უნდა დაუჯდეს, შეასრულოს რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლების ბრძანება და 26 ივნისამდე გავიდეს ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე.

„ამჟამად რუსეთის არმიამ, ფაქტობრივად, მთელი თავისი ძალები და საშუალებები ჩართო ბრძოლაში, ახორციელებს დასახლებული პუნქტების შტურმს, ცდილობს გაარღვიოს ჩვენი ძალების თავდაცვა და ალყაში მოაქციოს სამხედრო ნაწილები“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა 20 ივნისის ნაციონალური ტელემარათონის დროს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტ მეტელკინოზე. ამის შესახებ დღეს, 20 ივნისს ტელეგრამარხით იუწყება ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი.

ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს უკრაინის ამ ქალაქზე კონტროლის დამყარება სჭირდება, რათა გამოაცხადოს, რომ ლუგანსკის ოლქი მთლიანად „გაათავისუფლა“.

უკრაინის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები კიდევ უფრო გააქტიურდება ევროკავშირის სამიტამდე, როდესაც ევროპის ლიდერებმა საბოლოო სიტყვა უნდა თქვან უკრაინისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. (კანდიდატის სტატუსს მოელის მოლდოვაც, ხოლო „ასოცირებული ტრიოს“ მესამე წევრ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია მიეცემა).

„ხვალიდან იწყება მართლაც ისტორიული კვირა, როცა ევროკავშირისგან გავიგებთ პასუხს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის შესახებ. უკვე გვაქვს ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება, კვირის ბოლოს იქნება ევროპული საბჭოს პასუხი“, - განაცხადა გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი შეფასებით, უკრაინა ელოდება 1991 წლიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მხოლოდ დადებითი პასუხი შეესაბამება მთელი ევროპის ინტერესებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსეთი სწორედ ამ კვირაში, საჩვენებლად, სპეციალურად გააძლიერებს მტრულ აქტივობას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგაც, რისთვისაც მზად არიან და პარტნიორებსაც აფრთხილებენ.

„პრეზიდენტ ზელენსკის მხედველობაში ჰქონდა, რომ, რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება ევროკავშირის სამიტზე მოსალოდნელი დღესასწაულის ჩაშხამებას და გარკვეული წარმატების მიღწევას ფრონტზე, რადგან რუს სამხედროებს სინამდვილეში ძალიან ცოტა წარმატება აქვთ, ისინი ერთ ადგილს ტკეპნიან. და თუ ავიღებთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პრინციპში არაფერი არ შეცვლილა და ისინი ძველ პოზიციებზე იმყოფებიან. გარდა ამისა, ახლა ძალიან ბევრი ინფორმაციაა იმაზე, რომ უკრაინის არმია უკვე გადადის კონტრშეტევაზე ხერსონისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ჩაძირეს რუსეთის გემი და რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ დღეს დილიდან სარაკეტო დარტყმები მიაყენეს რუსეთის მიერ მოპარულ ჭაბურღილის კოშკებს, რომელსაც ხალხში „ბოიკოს კოშკებს“ უწოდებენ“, - ამბობს მიხაილო სამუსი, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი.

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გასული კვირის ბოლოს პირველად ჩავიდა ომით დაზარალებულ ქალაქ ნიკოლაევში, სადაც საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი უკრაინელი პოლიციელები, სამხედროები და ეროვნული გვარდიის წევრები გაამხნევა.

ნიკოლაევი, რომელიც საკვანძო მნიშვნელობის საპორტო ქალაქ ოდესისკენ მიმავალ გზაზეა, სამხრეთ უკრაინის ფრონტს იცავს.

ზელენსკის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ნიკოლაევში, რომელსაც რუსეთის ჯარები რეგულარულად უშენენ ცეცხლს მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრნენ 24 თებერვალს.

ზელენსკის სიტყვა და სარდლობის საქმე

ქვეყნის სამხრეთში მგზავრობისას, ზელენსკიმ ასევე განიხილა პორტების უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის საკითხი. რუსეთი ყოველმხრივ აფერხებს შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების გატარებას, რაც მძიმედ აისახება არა მხოლოდ უკრაინის ეკონომიკაზე, არამედ აღრმავებს მსოფლიო სავაჭრო კრიზისს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას პასუხს გავცემთ“, - განაცხადა კვირას ფრონტის ხაზის სიახლოვეს მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის ამ განცხადებას ორშაბათ დილით კონკრეტული საქმე მოჰყვა.

20 ივნისს უკრაინის არმიამ სარაკეტო დარტყმა განახორციელა რუსეთის მიერ 2014 წელს მიტაცებული კომპანია „ჩერნომორნეფტოგაზის“ უკრაინის კუთვნილი ჭაბურღილის კოშკებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინული გაზის უკანონოდ მოპოვების გარდა, სადაზვერვო საქმიანობისთვისაც იყენებდა.

„გარდა ამისა, ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე და ასევე ერთ-ერთ ამ ჭაბურღილის კოშკზე იმყოფებოდა რუსეთის სპეცრაზმი და იქ იდგნენ რუსეთის გემები, ერთმანეთისგან 50 კილომეტრის დაშორებით, და რუსები ამ ორ პუნქტს იყენებდნენ, როგორც ერთგვარ ჭიშკარს, როგორც „ქერჩის გასასვლელ 2“-ს და უკრაინის ბლოკადის ფორპოსტს. ამ კოშკებისა და რუსეთის სპეცრაზმის განადგურებით კუნძულ ზმეინიზე, სადაც იმედია ყველაფერი განადგურდება, დღეს თუ არა - ხვალ, უკრაინა არღვევს ბლოკადას და რუსეთისთვის იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ აზრი არ აქვს და ის ხელს ვერ შეუშლის უკრაინული ხორბლის გატანას, რადგან რუსეთის გემები და ნებისმიერი ძალა, რომელიც მიუახლოვდება ამ ფარვატერის ყველაზე ვიწრო გასასვლელს კუნძულ ზმეინისა და ჭაბურღილის ამ კოშკებს შორის, - განადგურებული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მტკიცე განაცხადია უკრაინის მხრიდან რუსეთის მისამართით, რომ არ გაბედოს უკრაინული მარცვლეულის გატანის ხელის შეშლა“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ორივე კოშკი რუსეთის საკუთრება გახდა. მაგრამ ისინი კარგა ხანს ოდესის საბადოზე, უკრაინის მატერიკთან უფრო ახლოს იმყოფებოდა, ვიდრე ანექსირებულ ნახევარკუნძულთან. 2015 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციამ „ბოიკოს კოშკები“ თავისი პლატფორმებით ყირიმთან უფრო ახლოს გადაიტანა. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინელი სამხედროები რუსეთის მიერ მიტაცებულ ჭაბურღილის კოშკებს იქაც მისწვდნენ.

სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი წარმატებულს უწოდებს ასევე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ რუსულ საბუქსირო გემ „ვასილი ბეხზე“ განხორციელებულ იერიშს. ხომალდმა, რომელსაც კუნძულ ზმეინიზე საბრძოლო მასალები მიჰქონდა, უკრაინული წყაროების მტკიცებით, „მოსკვას“ ბედი გაიზიარა და 17 ივნისის იერიშის შემდეგ ჩაიძირა.

რუსმა სამხედროებმა უკრაინის კუნძული ზმეინი საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე დაიკავეს, მაგრამ უკრაინა არასოდეს შეჰგუებია ამ მცირე, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულის დაკარგვას.

მაისის დასაწყისში უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე რამდენიმე იერიში მიიტანეს რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე და 40 რუსი სამხედრო და მტრის 4 საზენიტო დანადგარი გაანადგურეს.

ხოლო 8 მაისს კუნძულ ზმეინისთან ახლოს უკრაინულმა „ბაირაქთარის“ ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატებმა, უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, რუსეთის სამი სამხედრო კატარღა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორი“ გაანადგურეს.

იმავე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ღამით კუნძულთან განადგურებულ იქნა „უკრაინის ორი ბომბდამშენი სუ-24 და ერთი ვერტმფრენი მი-24“, მანამდე კი, ოდესის რაიონში განადგურდა უკრაინის ხომალდი.

ომის პირობებში ამ განცხადებების დამოუკიდებლად და ოპერატიულად დადასტურება რთულია და ძირითადად არ ხერხდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG