Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვები გასცა - ექსპედიციების ნაწილი უკვე ჩაიშალა


ოროზმანი, დმანისის მუნიციპალიტეტი
ოროზმანი, დმანისის მუნიციპალიტეტი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამეცნიერო საბჭომ დღეს, 22 ივნისს, განიხილა არქეოლოგიური გათხრების ნებართვის მისაღებად უწყებაში შესული 20 განცხადება და ყველა ექსპედიციას დართო გათხრების წარმოების უფლება. არქეოლოგიური გათხრების ნებართვებს ითხოვდნენ ეროვნული მუზეუმიდან რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები. მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ ყველა პროექტზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლების ორი პროექტი წელს ვეღარ განხორციელება დაგვიანებით მიღებული ნებართვის გამო. ესენია:

  • ღვინის ექსპედიცია გადაჭრილ გორაზე მინდია ჯალაბაძის ხელმძღვანელობით თვე-ნახევრის განმავლობაში ელოდებოდა ნებართვას. ამ გათხრებისთვის ჩამოსულმა უცხოელმა სპეციალისტებმა უკვე დატოვეს საქართველო.
  • ხარაგაულის რაიონში შუა პალეოლითის ხანის მღვიმის შესასწავლად თენგიზ მეშველიანისა და ნინო ჯაყელის ექსპედიცია, ამ პროექტში ჩართული უცხოელი მეცნიერები 16 ივნისამდე ელოდნენ ნებართვას და 2022 წლის ზაფხულში ამ ექსპედიციის ჩატარება ვეღარ მოხერხდება.

გათხრების ნებართვები მოიპოვა ეროვნული მუზეუმის სხვა პროექტებმა, მათ შორის რაბათის ნამოსახლარმა, ოროზმანმა და "ირმის რქის" ექსპედიციამ.

დღევანდელ სხდომაზე საბჭოს არ განუხილავს დმანისში არქეოლოგიური გათხრების ნებართვის საკითხი - ამ პროექტს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან არქეოლოგიური ნებართვების მიღების გართულებულ პროცესზე მკვლევრები რამდენიმე თვეა საუბრობენ. ისინი ამ საკითხს აყენებდნენ როგორც საპროტესტო აქციებზე, ისე საჯარო გამოსვლებში. მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, მეცნიერებს პრობლემები შეექმნათ არა მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების ნებართვების მიღებაზე, არამედ მუზეუმების ფონდებში სამუშაოდ შესვლაზეც.

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე ფონდებში დაშვებაზე წესის ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG