Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის მთავარსარდალი: ფინეთი მზადაა იბრძოლოს რუსეთთან მისი თავდასხმის შემთხვევაში


ფინეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ტიმო კივინენმა განაცხადა, რომ ჩინეთის არმია მზადაა მოიგერიოს რუსეთი, თუკი ის თავდასხმას გადაწყვეტს. მისი სიტყვებით, ფინეთი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა ისეთი ტიპის ომისთვის მზადყოფნას, როგორიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში.

როგორც კივინენმა თქვა, ფინეთს მნიშვნელოვანი სამხედრო არსენალი მოეპოვება, მაგრამ მთავარი ფაქტორი, რომელიც ნებისმიერი აგრესორის დარტყმის მოგერიების საშუალებას იძლევა, არის ფინელი მეომრების მაღალი მოტივაცია. „უკრაინა ძალზე მაგარი ლუკმა აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსეთმა მისი დაღეჭვა შეძლოს,“ თქვა კივინენმა. „ფინეთიც ასეთივე იქნება.“

გენერალმა თქვა, რომ ფინეთი გეგმაზომიერად აძლიერებს თავის თავდაცვისუნარიანობას: ქვეყანამ უკვე მოიმარაგა 370 კმ-მდე რადიუსის ფრთოსანი რაკეტები, შეუკვეთა ოთხი ახალი სამხედრო გემი, ამერიკულ კომპანია Lockheed Martin-ს შეუკვეთა 64 გამანადგურებელი F-35. გარდა ამისა, ფინეთი გეგმავს ორიათასამდე უპილოტო საფრენი აპარატის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესყიდვას და ზღუდეებს აგებს რუსეთის საზღვარზე.

1940-იან წლებში ფინეთი ორჯერ ებრძოდა საბჭოთა კავშირს: „ზამთრის ომში“ 1939-40 წლებში, რის შედეგადაც საკუთარი ტერიტორიის ერთი მეხუთედი დაკარგა, მაგრამ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მეორეჯერ - მეორე მსოფლიო ომის დროს. ამ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 100 ათასამდე ფინელი. მეორე მსოფლიო ომის შედეგებით, ფინეთი ნეიტრალური სახელმწიფო გახდა და წლევანდლამდე ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისმა ხელმძღვანელობამ ნატოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო და ახლა ამის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამჟამად ფინეთი თავისი ეროვნული ბიუჯეტის 2%-ს ყოველწლიურად გამოყოფს თავდაცვითი ხარჯებისთვის.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაგმეს ფინეთის მისწრაფებები, გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ აღნიშნეს, რომ მოსკოვში ეს უფრო მისაღებია, ვიდრე უკრაინის ჰიპოთეზური გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ კავშირში.

XS
SM
MD
LG