რუსეთი აცხადებს, რომ სანქციებს უწესებს კანადის 43 მოქალაქეს, მათ შორის ფედერალურ და რეგიონულ ოფიციალურ პირებს, პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს, ლიბერალური პარტიის წევრებს და საჯარო ფიგურებს - პასუხად ანალოგიური ნაბიჯებისა, რომლებიც ოტავამ მაისში გადადგა რუსეთის მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელების და მათი ოჯახების წევრების მიმართ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 27 ივნისს აცხადებს, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მათ შორის სიუზან კოუანს, კანადის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარეს.
კანადამ გასულ თვეში დაუწესა სანქციები რუსეთის ათობით მოქალაქეს, კერძოდ, ოლიგარქებს და კრემლთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ პირებს, ისევე, როგორც რამდენიმე რუსულ კომპანიას, რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის გამო.
მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით 24 თებერვალს უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ, კანადის ჩათვლით, მოსკოვს დაუწესა ფართომასშტაბიანი სანქციები. ეს ზომები მოიცავს რუსეთის რამდენიმე ბანკის გათიშვას SWIFT-ის შეტყობინების სისტემიდან, ემბარგოს რუსეთის ექსპორტზე, შეზღუდვებს ინვესტიციებზე, მთავრობის წარმომადგენლების და მათი ოჯახების ქონების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას რუსეთის ბევრი მაღალჩინოსნისთვის.