Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაკეტო იერიში და მსხვერპლი ცენტრალურ უკრაინაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 ივნისს


ომი უკრაინაში: ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

ბოლო ინფორმაციით, 16 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა უკრაინის ქალაქ კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, რომელსაც ორი რაკეტა მოხვდა, ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა იერიშის მომენტში. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა.

ბოლო დღეებია რუსეთი აღმოსავლეთ ფლანგიდან უკრაინის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილზე გადმოერთო. ერთი დღით ადრე სარაკეტო იერიში განხორციელდა კიევში, საცხოვრებელ უბანზე. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა თავის არსენალში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული რაკეტები კასპიის რეგიონიდან დაუმიზნა კიევს.

თავდასხმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე დაგმეს მსოფლიო ლიდერებმა. „ეს არის პუტინის ბარბაროსობისა და ბოროტების მასშტაბების დემონსტრირება“, - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი თქვა, რომ მოსკოვი პასუხს აგებს ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრზე მომზადებული იერიშის გამო.

წაიკითხე მეტი.

კობახიძე: სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა

სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ მიერ დაყენებული მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას, „პალიტრანიუსის“ ეთერში ილაპარაკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნები 1992 წელს განვითარებულ მოვლენებს შეადარა.

„ასეთი რაღაცები: ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ., როგორც წესი, ხდება ხოლმე ხუნტის მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ. ანუ აქაც ამჟღავნებენ თავიანთ განზრახვას, - თქვა კობახიძემ და დაამატა, - თეორიულად ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ სტანდარტული შემთხვევა არის ეს: ჩვენ გვახსოვს 1992 წელს, ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა. იგივეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურსა და ლომჯარიას. რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით, რომელიც იყო 1992 წელს“, - თქვა კობახიძემ.

სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ“ 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.

წაიკითხე მეტი.

პრაიდი: კინოპრემიერა, კონფერენცია, ფესტივალი - ზეწოლა, მუქარა, ძალადობა

28 ივნისს „თბილისი პრაიდის“ კვირეული იწყება. შარშანდელი ძალადობრივი თავდასხმებისა და აქტივისტების დევნის შემდეგ ორგანიზატორებმა პრაიდის პროგრამა წელს შეცვალეს. ის სამ ღონისძიებაში ჩაატიეს და პროგრამაში აღარ შეიტანეს „ღირსების მარში“. მიუხედავად ამისა, აქტივისტებს წელსაც პრორუსული და ულტრაკონსერვატორული ჯგუფების წნეხის ქვეშ უწევთ კვირეულის ჩატარება.

სავარაუდო მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 27 ივნისს პოლიციამ გამოკითხა ულტრაკონსერვატორული ჯგუფის, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები, ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და შოთა მარტინენკო.

„ავუხსენით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობას. ჩვენ კანონი გვაინტერესებს, მაგრამ ზნეობა უფრო მაღლა გვიყენია, ვიდრე ნებისმიერი კანონი. წინ აღვუდგებით ათიათასობით ადამიანი და ვერ გადაგვივლიან“, - უთხრა „ტვ პირველს“ კოკა მორგოშიამ გამოკითხვის შემდეგ.

საფრთხის არსებობის გამო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა სამივე ღონისძიება დახურულ ფორმატში დაგეგმეს და მათი მდებარეობა გაასაიდუმლოვეს.

რა განცხადებები გაკეთდა კვირეულამდე და რა იგეგმება „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში? წაიკითხე ვრცლად თორნიკე მანდარიას სტატიაში.

მადრიდის სამიტი - მთავარი ინტრიგა და მთავარი საფრთხე

დღეს, 28 ივნისს იწყება ნატოს მადრიდის სამიტი, რომელზეც იმსჯელებენ უკრაინის ომის შესახებ, მის ფონზე აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გეგმასა და ალიანსის ახალ კონცეფციაზე.

„ველოდებით, რომ მოკავშირეები მკაფიოდ განსაზღვრავენ რუსეთს, როგორც ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე დიდ და პირდაპირ საფრთხეს. ეს პირველად ასევე შეეხება ჩინეთს და იმ საშიშროებას, რომელსაც პეკინი უქადის ჩვენს უსაფრთხოებას, ინტერესებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა ნატოს სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მოელიან, რომ მადრიდის სამიტი უკრაინისთვის გაძლიერებული არსებითი პაკეტის შეთავაზებაზეც შეთანხმდება და სხვა პარტნიორებს: საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვასაც შესთავაზებს დახმარების ახალ პაკეტებს.

მადრიდის სამიტზე მიწვეული არიან როგორც ტრადიციული პარტნიორები: ევროკავშირი, საქართველო, ავსტრალია და ახალი ზელანდია, ასევე პირველად იქნება ალიანსის უმაღლესი დონის შეხვედრაზე წარმოდგენილი სამხრეთი კორეა.

რას ველით მადრიდის სამიტისგან? წაიკითხე ვრცლად კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ფშავში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ტურისტის ცხედარი იპოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ტურისტის ცხედრის პოვნის შესახებ იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა, გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე მდინარეში გადააგდო, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ასევე იუწყება, რომ მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტიდან, უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესი.

27 ივნისს დილიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთო.

პუტინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად გაემგზავრება უცხოეთში

უცხოეთის ლიდერები საკუთარ ტერიტორიაზე პირველად მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მიმდინარე კვირაში პუტინი ესტუმრება ტაჯიკეთსა და თურქმენეთს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

დუშანბეში პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი აშხაბადში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კასპიის ზღვის სამიტში, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანისა და თურქმენეთის ლიდერები. გამართავს თუ არა პუტინი სამიტის პარალელურად ორმხრივ შეხვედრებს, ცნობილი არ არის. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

წაიკითხე მეტი.

პურის ფასი - არსებობს თუ არა გზა, რომ პური აღარ გაძვირდეს?

უკანასკნელი 11 თვის განმავლობაში საქართველოში პურის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა. დღეს ე.წ. სოციალური პურის ფასი 1,30 ლარიდან 1,50 ლარამდე მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის გაზაფხულთან შედარებით, პურზე ფასი დაახლოებით 40 თეთრითაა გაზრდილი.

გასული წლის ზაფხულამდე, საქართველოში პური საშუალოდ 90 თეთრი ღირდა. 2021 წლის ივლისში პური დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა. მაშინ პურის ფასის მატების მიზეზად დასახელდა კოვიდპანდემიის დროს დაწესებული სუბსიდირების პროგრამის დასრულება. რამდენიმე თვეში, ოქტომბერში, პურის ფასმა კიდევ 10 თეთრით მოიმატა და სოციალური პურის ფასის ღირებულებამ საშუალოდ 1,25 ლარი შეადგინა - ითქვა, რომ პურის გაძვირება მასში შემავალი ყველა ძირითადი კომპონენტის, ფქვილის, საფუვრის, ზეთისა და მარილის გაძვირებამ გამოიწვია.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ხორბალი აღარ შემოდის და ქვეყანა მთლიანად ფქვილის იმპორტზეა გადართული. ლევან სილაგავა, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, რომ საქართველოსთვის ხორბლის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნის, რუსეთის მიერ უკანასკნელ ერთ წელში დაწესებულმა, ე.წ. მცურავმა ბაჟმა, ერთი ტონა ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა.

რა შესთავაზა „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ მთავრობას? მოელიან თუ არა პურის უფრო გაძვირებას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხი გაიგე ნინო თარხნიშვილის სტატიიდან.

26 ივნისს ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე ცნობილი უკრაინული როკბენდის, „ოკეან ელზისა“ და მისი ვოკალისტის, სვიატოსლავ (სლავა) ვაკარჩუკის კონცერტი იყო მათი პირველი გამოჩენა მრავალათასიანი მსმენელის წინაშე მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ომის დაწყებიდან ოთხ თვეში, სწორედ თბილისში გამოსვლით, ჯგუფმა დაიწყო ევროპული ტურნე, რომლითაც ისინი უკრაინას, მის ჯარს დაეხმარებიან.

სვიატოსლავ ვაკარჩუკი ბევრ ქვეყანაში იმღერებს და, რაც მთავარია, ილაპარაკებს იმაზე, თუ რა ხდება მის ქვეყანაში, რა სჭირდება დღეს უკრაინას და სიტყვებით და მუსიკით მოუყვება მსოფლიოს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე - ზუსტად ისე, როგორც ეს თბილისში გააკეთა.

„ვერ დაელაპარაკები მას, ვინც შენც ხალხს კლავს და შენს ქვეყანას ანგრევს. ლაპარაკი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც რუსეთი ბრძოლას შეწყვეტს და ჯარებს გაიყვანს“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

თბილისში, ვაკარჩუკმა „ოკეან ელზის“ თითქმის ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა - მათ შორის, ომის პერიოდში დაწერილი ის ერთადერთი სიმღერაც, რომელიც მან მარიუპოლის მცველებს მიუძღვნა.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელიც კონცერტის წინ ჩავწერეთ, მან ილაპარაკა ომზე, მუსიკაზე, შიშზე, ბრძოლაზე, უკრაინის მომავალსა და კიდევ ბევრ რამეზე, რისთვისაც დრო გვეყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG