Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციების გამო გაყინულია 330 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები


საერთაშორისო ჯგუფმა REPO-მ დაბლოკა რუსი ოლიგარქებისა და ჩინოვნიკების კუთვნილი 30 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები, ასევე დააპატიმრა მათი იახტები და ძვირადღირებული უძრავი ქონება. გარდა ამისა, 300 მილიარდი დოლარი გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის სახსრებიდან.

REPO ჯგუფი (Russian Elites, Proxies and Oligarchs) შეიქმნა 2022 წლის 17 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ. ჯგუფის მიზანია, გაზარდოს ეკონომიკური ზეწოლა მოსკოვზე, რათა აიძულოს ვლადიმირ პუტინი, შეწყვიტოს ომი. ჯგუფში შედიან ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, საფრანგეთის, კანადის, გერმანიის, იაპონიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, REPO ეძებს და ბლოკავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ასოცირებული რუსი ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების კუთვნილ აქტივებს. ჩამორთმეულ ქონებას შორისაა 30 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები, ხუთი სუპერიახტა და ძვირადღირებული უძრავი ქონება. გარდა ამისა, ჯგუფის მუშაობის შედეგად, რუსეთის ცენტრალური ბანკის სახსრებიდან 300 მილიარდი გაიყინა – მთელი რუსეთის ოქროს და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი.

ამავე დროს, ამერიკელი უფლებადამცველები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ჩამორთმეული ქონების მეპატრონეებმა, რომლებიც სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შესაძლოა, მათი აქტივების დაპატიმრება სასამართლოში ვერ გაასაჩივრონ. გარდა ამისა, REPO-ს ქმედებების შედეგად შეიძლება დაზარალდნენ "უდანაშაულო ადამიანები, რომლებსაც ომთან საერთო არაფერი აქვთ", ამიტომ "სიფრთხილე გვმართებს."

ხუთშაბათს, 30 ივნისს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვენედიქტოვმა რუსული აქტივების გაყინვას "ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქურდობა" უწოდა. ერთი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი იყენებს ყველა ლეგიტიმურ გზას გაყინული აქტივების დასაბრუნებლად.

XS
SM
MD
LG