„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მმართველი გუნდი სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას და საპარლამენტო ფრაქციას, ჩაერთონ ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი გეგმის განხილვასა და განხორციელებაში.
"ვინც ამ გეგმას არ უერთდება, კიდევ ერთხელ თვითლუსტრაციას აკეთებს, რომ მათთვის ევროკავშირთან დაკავშირებული ეს ბოლო ვნებათაღელვები, არ იყო რეალურად ის მიზანი, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა გაეხსნას. მათთვის მთავარი არის, რაიმე საბაბი ყოფილიყო მოძებნილი, რათა რევოლუციური სცენარი, ქვეყანაში არეულობა, ქაოსი და ამ ფონზე მათი ოცნება, რომ ხელისუფლება ჩაეგდოთ ხელში, განხორციელებულიყო. გამომდინარე აქედან, აქ უკვე არჩევანი ძალიან მარტივია: თუ შენ გინდა გააკეთო ის, რასაც გთავაზობს ევროკავშირი, ამის ერთადერთი ადგილი და გზა არის საპარლამენტო მუშაობა", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.