4 ივლისს იტალიის ალპებში დიდი მყინვარის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო თხუთმეტი დაკარგულად ითვლება. დაშავდა რვა პირი, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. სტიქიის ადგილზე გრძელდება სამაშველო ოპერაციები ვერტმფრენებისა და მაძებარი ძაღლების გამოყენებით.
მყინვარი, რომელიც მარმოლადის სახელით არის ცნობილი, ამავე სახელწოდების მთის ფერდობზე მდებარეობს. მარმოლადის სიმაღლე 3300 მეტრია და ეს არის ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში მდებარე დოლომიტების უმაღლესი მწვერვალი. დოლომიტები პოპულარული ადგილია ტურიზმისთვის როგორც ზამთარში, თხილამურებით სრიალისას, ასევე ზაფხულში. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ტურისტები.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ვალტერ მილანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, სავარაუდოდ, მყინვარმა დნობა და ჩამოშლა დაიწყო იტალიაში ბოლო პერიოდში არსებული არანორმალური სიცხის გამო. მისივე თქმით, სამი კილომეტრის სიმაღლეზეც კი, სადაც ყინული და თოვლი ჩვეულებრივ არ დნება, ბოლო დღეებში ტემპერატურა დაახლოებით +10 გრადუსს შეადგენს.
ტრაგედიის ადგილზე მისულმა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ანომალიური სიცხე, რამაც ყინულის დნობა გამოიწვია, შედეგია კლიმატის ცვლილებისა, რაც ევროპაში ბოლო წლებში სულ უფრო მეტად იგრძნობა.