Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იქნება სახალხო მოძრაობის შემდეგი ნაბიჯი - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ივლისს


ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან - რას ნიშნავს გადასვლა „არათანამშრომლობის ეტაპზე”

მოძრაობამ „შინ ევროპისკენ“ უკვე გამართა სამი მრავალათასიანი აქცია რუსთაველის გამზირზე. 4 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამის გათევის შემდეგ, საზოგადოებისთვის ახალი გეგმა აღარ წარუდგენია. მოძრაობის მიზანი მთავრობის შეცვლა, ეროვნული თანხმობის საფუძველზე დროებითი მთავრობის ფორმირება და ევროკავშირის მიერ დასახული იმ 12 ამოცანის შესრულებაა, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება.

„შინ ევროპისკენ“ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი, იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მშვენიერაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლა ისინი მეორე ეტაპზე გადადიან, ახალი სტრატეგიით.

„პირველი ეტაპი გულისხმობდა მოთხოვნის დაყენებას, პროტესტს და დარწმუნებას, ფაქტობრივად, დასრულდა ისე, რომ ხელისუფლებამ ამაზე არ უპასუხა. ეს ჩვენგან მოითხოვს ახალ ეტაპზე გადასვლას, რომელსაც ჰქვია არათანამშრომლობის ეტაპი და ეს თავის თავში მოიცავს ძალიან ბევრ ტაქტიკას, რომლის გამოყენებაც შეიძლება, რაც კიდევ უფრო რთულს გახდის ხელისუფლებისთვის გარკვეული პროცესების წარმართვას“, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

მისი თქმით, სამომავლო გეგმები შესაძლოა იყო დემონსტრაციული და არაძალადობრივი. რას გეგმავს სახალხო მოძრაობა, გაიგე ნასტასია არაბულის ინტერვიუდან, რომელიც მან გიორგი მშვენიერაძესთან ჩაწერა.

5 ივლისიდან ერთი წლის შემდეგ

5 ივლისის ძალადობრივი აქციებიდან ერთი წლის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოდან ორი სარჩელი მიიღო წარმოებაში. სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა იმ პარტიის გასაუქმებლად, რომელიც ძალადობის ორგანიზატორებმა 2021 წლის მიწურულს დაარეგისტრირეს.

„5 ივლისი - ლიბერალებზე გამარჯვების დღე” - ამ წარწერის ქვეშ მაუწყებლობს დღეს ჰომოფობიური, პრორუსული „ალტ-ინფო”. ამ ტელევიზიის დამფუძნებლები 5 ივლისს ღიად და საჯაროდ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ძალადობისკენ, მანამდე კი მათ მოუწოდებდნენ „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ რუსთაველის მოედანზე გამოსულიყვნენ. „ალტ-ინფოს“ დღის კომენტარის წამყვანი „მიკროფონიან მაკაკებს” ეძახდა იმ ჟურნალისტებს, ვინც 5 ივლისს ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა. „ალტ-ინფოს“ ვერსიით, „მიკროფონიანმა მაკაკებმა” დაგეგმეს პროვოკაციები და გააღიზიანეს გაბრაზებული ადამიანები, მათ შორის, სასულიერო პირები და ახლა დასავლეთს, ანუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სთხოვენ „რეპრესიები მოუწყონ” 5 ივლისის ორგანიზატორებს.

როგორ იბრძვიან ძალადობის მსხვერპლები ერთი წლის მანძილზე სამართლიანობისთვის? წაიკითხე აქ.

ჯვარი პირადი დაცვით - დადგმიდან ერთი წლისთავზე

ერთი წლის წინ, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებმაც ჟურნალისტებს სცემეს, პარლამენტის წინ დადგეს რკინის ჯვარი და პარაკლისიც გადაიხადეს. მას მერე უკანონო კონსტრუქცია ასე დგას ქვეყნის მთავარ გამზირზე.

„...ჩვენგან ეგ ჯვარი აღიმართა იმის გამო, რომ კოლექტიური ნატა ფერაძეების მხრიდან დგებოდა ქვეყანაში საკითხი ისე, თითქოს ქრისტიანობა აღარ არის რაიმეს განმსაზღვრელი“, - დაწერა „ალტ-ინფოს“ წამყვანმა და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა ზურა მახარაძემ ფეისბუკზე წინა კვირას.

სწორედ ნატა ფერაძემ სცადა შარშან ჯვართან პერფორმანსის მოწყობა და სეკულარული სახელმწიფოს პანაშვიდის სიმბოლოდ, მასთან ყვავილების მიტანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ „ალტ-ინფოს“ დაჯგუფება ფხიზლად ყარაულობს კონსტრუქციას.

ნატა ფერაძეს კიდევ რამდენჯერმე არ მისცეს საშუალება პერფორმანსი მოეწყო. ის ჰყვება, რომ ჯვარს პოლიციაც დარაჯობს.

რის მიხედვით წყდება, რა უნდა იდგეს და რა არა პარლამენტის წინ? წაიკითხე ვრცლად თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 2,4-ჯერ გაიზარდა

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 2,4-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში. ოფიციალურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია (4,05%).

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ვირუსი დაუდასტურდა 2570 ადამიანს, წინა კვირაში - 20-26 ივნისს კი, 1056 ადამიანს. ბოლო ერთ კვირაში 63 443 ტესტი ჩატარდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა - 1103.

წაიკითხე მეტი.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე პირს, რომლებიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე იყვნენ დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს, გამოცხადდა.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8-სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე ზაურ ბუდაღოვს, პირველ სართულზე ბინის მფლობელს, ვის სახლშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამ სახლში სარემონტო სამუშაოებში ჩართულ ჰუსეინ და გიორგი სურმანიძეებს კი შეეფარდათ სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

წაიკითხე მეტი.

რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი მგზავრთა ნაკადის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში აცხადებენ.

„ყოველდღიური სამუშაო სიმძლავრე 2-3-ჯერაა გაზრდილი. მუშაობს 13-ვე გამშვები ზოლი, ამის მიუხედავად, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეფერხება ექმნება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ტრანსპორტს“, შესაბამისად, უწყება საქართველოში მოგზაურობის მსურველ ტურისტებს აფრთხილებს, გაითვალისწინონ საზღვარზე არსებული მდგომარეობა, ის რომ, შესაძლოა, ლოდინის დრო ერთ დღე-ღამეს მოიცავდეს და ამის გათვალისწინებით დაგეგმონ ვიზიტი.

წაიკითხე მეტი.

„ამ ომის მიზანი ომია“

რა მიზნები აქვს რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებულ ომს? - ამ კითხვის ზუსტი პასუხი, როგორც ჩანს, უცნობია როგორც უკრაინისა და მისი მოკავშირეებისათვის, ასევე თვითონ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვისაც. ვლადიმირ პუტინის განცხადებების ტონი და შინაარსი არაერთხელ შეიცვალა ომის მსვლელობისას, სავარაუდოდ, ფრონტზე არსებული ვითარების შესაბამისად. თუ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი უკრაინის დენაციფიკაციასა და ხელისუფლების შეცვლის შესახებ საუბრობდა, ომის პირველი, წარუმატებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, იგი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „სრულ გათავისუფლებაზე“ ალაპარაკდა, თუმცა 3 ივლისს, როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ლუგანსკის გათავისუფლების შესახებ უპატაკა, პუტინმა რუსეთის არმიას უბრძანა, განაგრძოს შეტევა აღმოსავლეთის მიმართულებით. დონეცკისა და ლუგანსკის მიღმა რუსეთს ასევე ოკუპირებული აქვს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები, რომელთა ბედი, რუსეთის ცვალებად გეგმებში, ასევე ბუნდოვანია.

რა მიზანი აქვს პუტინს და დარჩა თუ არა ის ისევ იმ მიზნების ერთგული, რაც ომის დაწყების დროს ჰქონდა? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

„ქართულ ლეგიონზე“ აღფრთოვანებით საუბრობენ უკრაინელები და არა მარტო უკრაინელები. ამერიკელი გვყავდა, რომელიც დაიჭრა და გაოცებული იყო მისი ექიმი - არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული ეს ამერიკელი და მაინც [ამბობდა], არ შემიძლია, ქართველები ასე მივატოვოო...“

უკრაინაზე თავდასხმის პირველი დღიდანვე რუსეთის არმიის პირისპირ უკრაინის რეგულარული არმიის მხარდამხარ იბრძვიან უცხოელი მოხალისეები, რომელთა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან დანაყოფად „ქართული ლეგიონი“ ითვლება.

წინა ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების გარდა, „ქართული ლეგიონის“ ერთი ნაწილი ზურგში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების რეკრუტირებისა და გადამზადების პროგრამითაც არის დაკავებული. ამ პროგრამას მეოთხე თვეა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კახა ბასილია უძღვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG