წუხელ, 8 ივლისს, გვიან გორის ქუჩებში უნებართვოდ განთავსებული გარევაჭრობის დახლები აიღეს. გურამიშვილის, ჭავჭავაძისა და ქართლის ქუჩებზე გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები და პოლიციელები მივიდნენ და დახლების დემონტაჟი დაიწყეს. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები ახალ ბაზარში, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. მერიაში ამბობენ, რომ გარევაჭრობის გამო გადაადგილება შეუძლებელი იყო.
დილით სამუშაოდ გამოსულ მოვაჭრეებს დახლები აღებული დახვდათ, ისინი მერიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან და აცხადებენ, რომ ქალაქის გარეუბანში მდებარე ბაზარში გადასვლა მათთვის მიუღებელია, რადგან იქ არც მყიდველია და გადაადგილებაც პრობლემებთან არის დაკავშირებული, რაც მათ ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის.
გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა.
კონსტრუქციებისა და დახლებისგან ამ ქუჩების გათავისუფლების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ვადაც მისცეს.