Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, შემოწმდეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან "მოლაპარაკების სანდოობა"


ვიქტორია სპარცი, უკრაინული წარმოშობის ამერიკელი კონგრესმენი
ვიქტორია სპარცი, უკრაინული წარმოშობის ამერიკელი კონგრესმენი

აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მარსი კაპტური მიიჩნევს, რომ მისი კოლეგის, კონგრესმენ ვიქტორია სპარცის განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრი ერმაკის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის "წინდაუხედავად სამსახურს" წარმოადგენს.

"შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ზელენსკის ოფისს შორის თანამშრომლობის დონე და მასშტაბი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ეჭვი შევიტანოთ რომელიმე თანამდებობის პირის ერთგულებაში. ისინი, ვინც ომის დროს უკრაინელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიმართულ ველურ ნარატივებს ავრცელებენ, დაუფიქრებლად უწევენ დახმარებას პუტინსა და მის პროპაგანდისტებს", - ნათქვამია კაპტურის მიერ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შაბათს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, უკრაინული წარმომავლობის კონგრესმენმა ქალმა, ვიქტორია სპარცმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოუწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ შეამოწმოს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან საუბრების საიმედოობა. კერძოდ, სპარცი აღნიშნავს, რომ ერმაკმა თავის მოადგილედ დანიშნა ოლეჰ ტატაროვი, რომელიც, მისი აზრით, "წელიწადზე მეტია, რაც აჭიანურებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული პროკურორის დანიშვნას."

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, ვიქტორია სპარცმა თავის საიტზე ერმაკის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე სერიოზულ ბრალდებაზე გაამახვილა ყურადღება:

1. უკრაინის მიერ „ვაგნერის დაჯგუფების“ ხელში ჩაგდების ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა ბელარუსში და, საბოლოო ჯამში, რუსეთში, რამაც ოპერაციის მარცხი გამოიწვია;

2. ომამდე რუსეთთან წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებების ცუდი მართვა;

3. უკრაინის ხელისუფლების დარწმუნება იმაში, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, დასავლური დაზვერვების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საპირისპიროდ, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, რისი მიზანიც იყო, რომ უკრაინა ომისთვის სათანადოდ არ მომზადებულიყო;

4. საბოტაჟი ხერსონში და მისი გადაცემა რუსებისთვის „აზოვის“ ბატალიონის ტრაგედიის მოსაწყობად;

5. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით აუცილებელი სამხედრო ტექნიკის შეძენის გაჭიანურება და უსაფუძვლო, ზოგჯერ უკანონო პირობების წამოყენება.

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი მიიჩნევს ასევე, რომ ერმაკი, რომელიც "ბევრ შიშს იწვევს" აშშ-სა და მთელ მსოფლიოში, ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ნდობით სარგებლობს. სპარცი მოუწოდებს თეთრ სახლს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უპასუხოს კონგრესს და "ან დაადასტუროს, ან უარყოს ეს ბრალდებები".

თავად ანდრი ერმაკს ამ მიმართვაზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია. მაგრამ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონგრესმენ სპარცის ამ განცხადებებს უწოდა "დაუფარავი მცდელობა ამერიკულ პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდეს რუსეთთან უკრაინის ხელმძღვანელობის სავარაუდო კავშირების შესახებ რუსული პროპაგანდის კლასიკური ნარატივები და ჩვენი სახელმწიფო აშშ-ს შიდა პოლიტიკაში აღმოჩნდეს ჩათრეული."

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG