Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი და ბელარუსი მძლეოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ


16-24 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ იუჯინში, მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გარეშე ჩაივლის. ამ ორი ქვეყნის წარმომადგენელთათვის, მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, დახურულია აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ტურნირის კარი, რომლებიც მძლეოსნობის მსოფლიო ასოციაციის (World Athletics) ეგიდით გაიმართება. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ აგრესიაა. სანქციის შესახებ განცხადება ასოციაციის პრეზიდენტმა სებასტიან კოემ გააკეთა.

„მთელი მსოფლიოა აღშფოთებული იმით, რასაც რუსეთი აკეთებს და ბელარუსი მხარს უჭერს. ამ ქვეყნების მიმართ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - იქნებ როგორმე ამ მშვიდობიანი გზით მოხერხდეს ძალადობის აღკვეთა და მშვიდობის აღდგენა. წარმოუდგენლად მიგვაჩნია მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი და ბელარუსი მძლეოსნების დაშვება მაშინ, როდესაც უკრაინელ სპორტსმენებს უდიდესი სირთულეების გადალახვა უწევთ ამ შეჯიბრებაზე მოსახვედრად“, - განაცხადა სებასტიან კოემ და ბოლო იმედი გადაუწურა იმ მძლეოსნებს, რომლებიც მზად იყვნენ, ჩემპიონატზე ნეიტრალური სტატუსით გამოსულიყვნენ, დროშისა და ჰიმნის გარეშე.

რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას უკვე მეშვიდე წელია, შეჩერებული აქვს მძლეოსნობის მსოფლიო ასოციაციის წევრის სტატუსი, დოპინგთან დაკავშირებული სკანდალების გამო. სებასტიან კოემ ამ საკითხზეც გააკეთა კომენტარი - თქვა, რომ ეს სანქცია ძალაში რჩება, მინიმუმ მიმდინარე წლის ნოემბრამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG