Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბიზონებს თუ მოაშენებენ, ჩვენ უნდა გადაგვაშენონ“, - რაჭველები ტყეების გასხვისების წინააღმდეგ


რაჭა, სოფელი წედისი
რაჭა, სოფელი წედისი

რაჭის მოსახლეობა აღშფოთებულია იმით, რომ მათ ტყეებზე ლიცენზია ისე გაიცა, მათ არაფერი გაუგიათ. ისინი ტყეების დაბრუნებას ითხოვენ. პარალელურად, სამართლებლივი დავა წამოიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ მარტში გასცა - 1 151 832 ლარად.

წინააღმდეგი ვართ, მაგაზე თანახმა ვინ იქნება? არაფერი გაგვიგია“, - ამბობს ლამარა მაისურაძე სოფელ წედისიდან.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა ინფორმაცია მედიით გავრცელდა.

ნინო ნაცვლიშვილი, სოფელი შქმერი: „გაყიდულიაო, შეიძლება აღარ შეგვიშვას, ვისიც არის იმან. საერთოდ არ გაგვიგია, ისე გაყიდეს და რომ გავიგეთ, აბა, რა ჭკუაზე ვიქნებით? არ გვინდა! ნამდვილად არ გვინდა. იცლება სოფელი და სულ დაიცლება, თუ არც ტყე იქნება, არც მინდორი. ჩვენ თვითონ შეგვეშინდება აქ დარჩენის“.

ციალა ლობჯანიძე, სოფელი ღები: „ძალიან მძიმე პირობები გვაქვს, ჩვენ აქ არც ტყე გვაქვს გასაყიდი და არც ველი. მთელი სოფელი ადგება ფეხზე“.

მედიკო მაისურაძე, სოფელი წედისი: „სხვა რა სიმდიდრე გვაქვს, მიწა და ჰაერია ჩვენი სიმდიდრე. მთავრობა არის დროებით და ამხელა უფლება რატომ უნდა მისცენ თავს, რომ გაასხვისონ ეს ყველაფერი. ხალხის ხმას მეტი ძალა უნდა ჰქონდეს, მარტო ვილაპარაკოთ და არავინ გაითვალისწინოს, ეგრე სად არის?!“

სამთო გიდი გიორგი მაცაბერიძე რაჭის ტყეების გასხვისებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:48 0:00

ევტუშენკოვის მეგობარი დავით ხიდაშელი

ონის მერი სერგი ხიდეშელი არ უარყოფს, რომ ტყეებზე ლიცენზია ისე გაიცა, მოსახლეობასთან ამაზე არავის უსაუბრია, ირწმუნება, საბუთები დღემდე არც მე მინახავსო.

სამონადირეო მეურნეობაზეა საუბარი, რამდენადაც ვიცი. ლიცენზია აქვს აღებული. ინვესტორს ჩემთან შეხვედრა არ ჰქონია. მე ამ თემაზე მოსახლეობას არ შევხვედრილვარ. აქამდე ვერ გავეცანი [საბუთებს], სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მქონდა შესასწავლი“, - ამბობს სერგი ხიდეშელი.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 23 აპრილს გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ აუქციონი კანონმდებლობის სრული დაცვით“ გამოცხადდა და რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოაქვეყნა.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“, რომელმაც ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოაწყოს. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენებაა.

ბიზონებს თუ მოაშენებენ, ჩვენ უნდა გადაგვაშენონ“, - ამბობს 76 წლის ვენერა მაისურაძე სოფელ წედისიდან. ადგილობრივებს ყველაზე მეტად ის აწუხებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ხელისუფლებამ მათ გარეშე გადაწყვიტა და დეტალების ახსნით თავს დღემდე არავინ იწუხებს.

ლიცენზიით გაცემული ტერიტორია ახლოსაა რუსეთთან და უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალის რეგიონს.

ლიცენზიით გადაცემული ტერიტორია
ლიცენზიით გადაცემული ტერიტორია

,,მთის ამბებმა“, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა, გამოარკვია, რომ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 100 %-ს შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ ფლობს. ეს კომპანია საქართველოში 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული. ჰყავს ორი დირექტორი - კახა ამისულაშვილი და რევაზ მაისურაძე, წილს კი მთლიანად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული „Global Victory Investments Limited“-ი ფლობს, რომლის მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან.

ამასთან, დავით ხიდაშელი რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირია. მათ კავშირზე რადიო თავისუფლებას ადრეც არაერთხელ დაუწერია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

გარდა ამისა, დავით ხიდაშელი არის დავითგარეჯთან დაკავშირებული „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი მთავარი მოწმე. სწორედ მის მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი რუკების გამოისობით დასდეს ბრალი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში“.

„დავით ხიდაშელი დიდი ხნის განმავლობაში იყო დიდი რუსული კონგლომერატისსისტემისვიცე -პრეზიდენტი, მათ შორის იმ პერიოდშიც, როდესაც ეს კომპანია თავისი საქმიანობით ყირიმის ანექსიას აღიარებდა. მეტიც, ამ კომპანიის მეპატრონე ვლადიმირ ევტუშენკოვი პირადად პუტინისგან იღებდა დავალებას ყირიმში პრობლემების გადასაწყვეტად“, - ამბობს „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი.

ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია ჩემი მეგობარია, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში“, - განმარტა დავით ხიდაშელმა თავის წერილში, რომელიც რაჭის ტყეებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, აპრილში გამოაქვეყნა.

ამავე წერილში ხიდაშელი თავის მიზნებზეც საუბრობს:

„4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არცერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი, აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა. ასევე, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც ფლობს გარეული ღორების ფერმებს და საქართველოშიც აქვს თავისი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, მაქვს სურვილი განვავითარო სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, რითაც ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობაც და რამდენიმე მილიონი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში“, - წერს დავით ხიდაშელი.

რაჭის ტყეები
რაჭის ტყეები

„მწვანე ალტერნატივის“ ექსპერტი ირაკლი მაჭარაშვილი განმარტავს, თუ რა საფრთხეს შეიცავს დავით ხიდაშელისთვის საქართველოს ფაქტობრივი ტერიტორიის 2 პროცენტის გადაცემა: „50 ეგეთი კაცი და მორჩა საქართველო. წარმოიდგინეთ, რაჭის ერთი მესამედი მაკრატლით მოჭრეს და მიაკერეს ოკუპირებულ ტერიტორიას, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ ვისზეა საუბარი, ასე გამოდის“.

გამქრალი კანონპროექტები

სალიცენზიო პირობების თანახმად, ტყეებში უნდა მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას კვლავაც უნდა შეეძლოს გადამფრენ სახეობებზე ნადირობა. ასევე მფლობელი ვალდებულია, სამონადირეო მეურნეობაში ადგილობრივები დაასაქმოს...

გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელმა ხელი არ უნდა შეუშალოს ამავე ტერიტორიაზე ენერგოპროექტებს, სოჭის გირჩის შეგროვებას, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და ა.შ. ირაკლი მაჭარაშვილი თქმით, ლიცენზიაში ჩადებული პირობებიც კი ცხადყოფს, რომ ეს ტერიტორია მართლა სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად არ არის გაცემული.

ლიცენზია მისცეს სამონადირეო მეურნეობის გასაკეთებლად და ტურიზმის ასაწყობად. ამავე დროს, ეუბნებიან, რომ ხელი არ უნდა შეუშალოს წიაღისეულის მოპოვებას, ჰესების მშენებლობას. თუ იქ მანგანუმის, დარიშხანის მოპოვება დაიწყეს და ჰესები ჩადგეს, რა ბუნების დაცვაზეა საუბარი? ფორმალობაა ეს ყველაფერი“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

„მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იჩივლეს. „მწვანე ალტერნატივა“ ითხოვს გაბათილდეს სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა. „მწვანე ალტერნატივა“ ამტკიცებს, რომ ლიცენზიის გაცემამდე რისკები არავის შეუფასებია. არის მთელი რიგი სხვა დარღვევებიც, მათ შორის ის, რომ ამ დოკუმენტებით სამონადირეო მეურნეობა უბრალოდ ვერ გაკეთდება.

ლიცენზიატმა სპეციალური საშენი უნდა მოაწყოს, სადაც კეთილშობილ ირემსა და ბიზონს ჯერ მოაშენებს, შემდეგ კი ხალხი მათზე ინადირებს. მაგრამ სამონადირეო ლიცენზია ამგვარი საშენის მოწყობის საშუალებას არ იძლევა. ამასთან, ეს სახეობები არ შედის იმ ჩამონათვალში, რომლებზეც სამონადირეო მეურნეობის მოწყობა შეიძლება. ბიზონი დიდი ხანია აღარ არსებობს საქართველოში, კეთილშობილი ირემი კი წითელ წიგნშია შეტანილი“, - განაცხადა „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა ნინო გუჯარაიძემ 14 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნინო გუჯარაიძე და ირაკლი მაჭარაშვილი
ნინო გუჯარაიძე და ირაკლი მაჭარაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძვიან, რომ რაჭის ტყის გარკვეულ მასივს, მათ შორის, ლიცენზიით გაცემულ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი მიანიჭონ. ეს იდეა ახალი არ არის, ხელისუფლება ეროვნული პარკის მოწყობას რაჭველებს რამდენჯერმე დაჰპირდა, მაგრამ საქმე არ გაკეთებულა.

საქართველოს აქვს ვალდებულება, რაჭაში დაცული ტერიტორია შექმნას. ეს ჩაწერილია როგორც მთავრობის დადგენილებაში, ასევე 2018 წლის მინისტრის ბრძანებაშიც, მაგრამ არ იქმნება. 2016-2017 წლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა გააკეთა კანონპროექტი რაჭაში ეროვნული პარკის შესაქმნელად. მთავრობამ განიხილა, მოიწონა და პარლამენტისთვის უნდა გადაცემულიყო, მაგრამ შემდეგ გაქრა ეს კანონპროექტი. 2020 წელს კიდევ ერთი კანონპროექტი შეიმუშავეს, ისიცგაქრა“. მაშინ ვერავინ ვერ მივხვდით, რატომ თქვა უარი მთავრობამ იმ კანონპროექტზე, რომელზეც თავადვე ჰქონდა ნამუშევარი. ახლა ვხვდებით! სწორედ ამავე ტერიტორიაზე გაიცა სამონადირეო ლიცენზია. დავით ხიდაშელმა თავად თქვა, 4 წელია ამ თემაზე მთავრობასთან ვმუშაობო“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

ამჯერად „მწვანე ალტერნატივა“ და რაჭის სათემო ორგანიზაცია, სხვა აქტივისტებთან ერთად, ამზადებენ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნას გულისხმობს. წინასწარი მონაცემებით, დაცულმა ტერიტორიამ უნდა მოიცვას ის მიწები, რომელიც ამჯერად ლიცენზიითაა გაცემული, ასევე, ზურმუხტის ქსელი, მდინარე რიონი და მისი შენაკადები.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG