დიდმა ბრიტანეთმა აღშფოთება და შოკი გამოხატა უკრაინაში, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბრიტანელი წარმომადგენლის დაღუპვის გამო. რუსეთის ელჩი ლონდონში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, დაიბარეს განმარტებებისთვის.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი, 15 ივლისს გამოეხმაურა ინფორმაციას უკრაინაში, კიევის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების ტყვეობაში მყოფი დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, პოლ ურის, „ავადმყოფობისა და სტრესის“ შედეგად გარდაიცვალების შესახებ.
„ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში მინისტრმა დაწერა, რომ რუსეთმა „ამისთვის სრული პასუხისმგებლობა“ უნდა იკისროს.
10 ივლისს "ქრონიკული დაავადებისგან" სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ტყვეობაში მყოფი ბრიტანელის გარდაცვალების შესახებ ცნობა დონეცკის "სახალხო დამცველმა" დარია მოროზოვამ გაავრცელა. "აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დიდი ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები ინფორმირებულნი იყვნენ პოლ ურის დატყვევების თაობაზე. მისივე თხოვნით, აღნიშნული ინფორმაცია გადაეცათ უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც. მაგრამ ამას დიდი ბრიტანეთისგან არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია", - დაწერა მოროზოვამ თავის ტელეგრამის არხში. მოროზოვას თანახმად, პოლ ური "დაავადებისა და სტრესის" გამო გარდაიცვალა. ბრიტანეთის მოქალაქეს, მისი სიტყვებით, "სათანადო სამედიცინო დახმარება" აღმოუჩინეს.
დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით, პოლ ური "პროფესიონალი სამხედრო" იყო, რომელიც მანამდე იბრძოდა ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში, ხოლო უკრაინაში "ხელმძღვანელობდა საბრძოლო ოპერაციას და ასევე უკრაინის ჯარისთვის დაქირავებულების შეგროვებითა და გაწვრთნით" იყო დაკავებული. მოროზოვა ასევე იტყობინება, რომ პოლ ური ტყვედ აიყვანეს აპრილში, როდესაც ბრიტანელი ცდილობდა გადაელახა დონეცკელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი საგუშაგო.
გარდაცვლილი არ ირიცხებოდა იმ ბრიტანელებს შორის, რომლებსაც სეპარატისტული დონეცკის სასამართლომ ცოტა ხნის წინ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.