უკრაინის პარლამენტი, ვერხოვნა რადა 264 ხმით დაეთანხმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირინა ვენედიქტოვას გათავისუფლების შესახებ. მანამდე, პარლამენტმა 265 ხმით, ივან ბაკანოვი გადააყენა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 17 ივლისს გამოაცხადა, რომ ივან ბაკანოვს და ირინა ვენედიქტოვას თანამდებობებიდან ათავისუფლებს და მიზეზად დაასახელა სამართალდამცავ სტრუქტურებში სახელმწიფო ღალატის და კოლაბორაციონიზმის ფაქტების სიმრავლე. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, პროკურატურის და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ.