Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნების დაცვის აქტივისტებმა ფლორენციაში აქცია ჩაატარეს - ბოტიჩელის ნახატზე ხელები მიიწებეს


ბუნების დამცველი აქტივისტები ბოტიჩელის "გაზაფხულთან" "უფიცის" გალერეაში. 22 ივლისი, 2022 წელი
ბუნების დამცველი აქტივისტები ბოტიჩელის "გაზაფხულთან" "უფიცის" გალერეაში. 22 ივლისი, 2022 წელი

ფლორენციაში ბუნების დამცველი სამი აქტივისტი დააკავეს მას მერე, რაც მათ საპროტესტო აქცია გამართეს და ხელები მიიწებეს „უფიცის“ გალერეაში სანდრო ბოტიჩელის ნამუშევარზე, „გაზაფხულზე“ (Primavera).

Associated Press-ი იტყობინება, რომ რამდენიმე წლის წინ ნახატს დამცველი მინა გაუკეთეს და, შესაბამისად, ის არ დაზიანებულა.

იტალიის პოლიციის თანახმად, ორმა ახალგაზრდა ქალმა და ერთმა კაცმა, სამივე იტალიის მოქალაქეა, იყიდეს გალერეის ბილეთები და საპროტესტო აქცია გამართეს ბოტიჩელის დარბაზში. Corriere della Sera-ს მოჰყავს აქტივისტების სიტყვები: „შეგვიძლია დღეს ასეთი ლამაზი გაზაფხულის ხილვა?“ მათ თან ჰქონდათ პლაკატი წარწერით: „ბოლო თაობა. არ არის გაზი. არ არის ქვანახშირი“.

სამივე აქტივისტი პოლიციაში წაიყვანეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, მათ სამი წლით აუკრძალეს ფლორენციაში შესვლა.

ასეთ აკრძალვას ფეხბურთის გულშემატკივრებს უწესებენ ხოლმე იტალიაში.

ბოტიჩელის „გაზაფხული“ ფლორენციელი მხატვრის ერთ-ერთი მთავარი შედევრია „უფიციში“.

XS
SM
MD
LG