რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური(ФСБ) აცხადებს, რომ "გამოავლინა და აღკვეთა" უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების "გატაცებას". რუსეთის უშიშროება იმასაც ირწმუნება, რომ „უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაციის კურატორები იყვნენ ნატოს სპეცსამსახურები“.
ამ შინაარსის განცხადება რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს, 25 ივლისს გაავრცელა კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებებით. ოფიციალური განცხადების მიხედვით, „უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც მათი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სახელით მოქმედებდნენ, ფულადი ანაზღაურების და ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გარანტიით ცდილობდნენ რუსი სამხედრო მფრინავების გადაბირებას, რათა მათ თვითმფრინავები დაესვათ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებულ აეროდრომებზე“.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ირწმუნება, რომ კონტრდაზვერვის მიერ ამ გეგმის გამოვლენამ რუსეთს მისცა შესაძლებლობა იერიში მიეტანა უკრაინის ზოგიერთ სამხედრო ობიექტზეც.
ოფიციალურ განცხადებაში არ წერია, თუმცა, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები იმასაც იუწყებიან, რომ უკრაინული დაზვერვის ოპერაციასთან კავშირი ჰქონდა ჯგუფ Bellingcat-ის გამომძიებელს, ხრისტო გროზევსაც. ტელეკომპანია „როსია 24“-ის სიუჟეტში ნაჩვენები იყო თითქოსდა, გროზევის მიმოწერა ოპერაციის ერთ-ერთ მონაწილესთან. ხრისტო გროზევმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, რომ არანაირ ოპერაციაში არ მონაწილეობდა. უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დღევანდელი განცხადებისთვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.