Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვითიბი ბანკის" ყიდვასთან დაკავშირებით, ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა - ეროვნული ბანკი


ფოტო არქივიდან: ვითიბი ბანკის ოფისი თბილისში
ფოტო არქივიდან: ვითიბი ბანკის ოფისი თბილისში

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, "ვითიბი ბანკის" შეძენასთან
დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულს. ეროვნული ბანკის თანახმად ნებისმიერი გარიგება მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა, ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ „ვითიბი ბანკი“ არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-ს შეძენით რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია დაინტერესებული.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმში 104 712 ჰექტარი ტყის მასივი წელს გადაეცა 49 წლიანი ვადით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ ფიგურანტია, მის სახელს უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დავალბით საქართველო- აზებაიჯანის საზღვრების ამსახველი რიკების მოეძიება რუსეთის არქივებში. რაც საფუძვლად დაედო საზღვრის დამდგენი კომისიი წვერების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას.

დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდელი ვლადიმირ ევტუშენკოვის მეგობარია, იმ ევტუსენკოვისა ვისთან ბიძინა ივანიშვილის საუბრის აუდიო ჩანაწერიც გავრცელდა 25 აპრილს იუტუბის არხზე. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. აქ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).

მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში 13 აპრილს შეიყვანა. ალი უზდანოვი მეგობრობის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე დაწესებული სანციების გამო, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-მ საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელი გაასხვისა. მომსახურების ეს ნაწილი "ლიბერთი ბანკმა" ჩაიბარა; საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი კი "ბაზის ბანკს" მიჰყიდა.

XS
SM
MD
LG