ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც მოქალაქეები აქციას მართავდნენ, წარმოების უფლება შეუჩერეს. ინფორმაციას "გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი" ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ინსპექტირების შედეგებით გარემოსთვის საფრთხის შემქმნელი ფაქტები გამოვლინდა და კომპანია "ამბიკონ სტილსს" მუშაობის უფლება აღარ მისცეს.
"საწარმოს ეზღუდება საქმიანობის (მეტალურგიული წარმოება) განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ ციკლთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე", - აცხადებენ "გარემოსდაცვითი ზედამხევდელობის დეპარტამენტში".
"ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა გვკლავს", "ეკოლოგია უალტერნატივოა", "ღირსეული შრომისთვის" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მართავდნენ აქციას ქუთაისში, ნიკეას დასახლების მაცხოვრებელთა ნაწილი მეტალურგიულ ქარხანასთან.
ქარხანასთან გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, საწარმოს საკვამურიდან ამოსული შავი ბოლი გაუსაძლის პირობებს უქმნით, ჰაერის დაბინძურებაზე კი მეტყველებს საშინელი სუნი, რომელიც განსაკუთრებით იმატებს ღამის საათებში.
25 ივლისს "გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა" განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 19 აპრილს ამ საწარმოს მიმართ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს და საქმის მასალები სასამართლოს გადაუგზავნეს. სასამართლომ კომპანია 26 ივნისს 45 ათასი ლარით დააჯარიმა.