Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული სარდლობის ცნობით, ხერსონთან გაანადგურეს რუსი სამხედროების კიდევ რამდენიმე პოზიცია


ხერსონთან მდებარე ანტონოვკის ხიდი უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული პირველი სარაკეტო დარტყმის შემდეგ. 2022 წლის 20 ივლისი
ხერსონთან მდებარე ანტონოვკის ხიდი უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული პირველი სარაკეტო დარტყმის შემდეგ. 2022 წლის 20 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ ხერსონის ოლქში გაანადგურეს რუსი სამხედროების საბრძოლო მასალების კიდევ 4 საწყობი. სარდლობის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ეს ობიექტები განადგურებულია ქალაქ ხერონის და გენიჩესკის, კახოვკის და ბერისლავის რაიონებში.

სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობითვე, უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტებსა და ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელა 7 შეტევა, რომლის შედეგად ლიკვიდირებულია 36 რუსი სამხედრო, 3 ტანკი, 3 ჰაუბიცა, რადიოლოკაციური სადგური და სხვა ტექნიკა. საომარი მოქმედებების პირობებში კონკრეტულად ამ ცნობების სხვა წყაროებით გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამასთან, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ადასტურებს, რომ ხერსონის ოლქში უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალას იკრებს.

რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ რამდენიმე კვირაა დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ისგან მიიღო სარაკეტო სისტემები(HIMARS).

ბოლო დღეებში განხორციელებული რამდენიმე სარაკეტო დარტყმის შედეგად, უკრაინელმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოიყვანეს ხერსონთან, მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვკის საავტომობილო ხიდი, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთის ქვედანაყოფების გადაადგილებისა და მომარაგებისთვის. ხერსონის პოლიციის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დაისაკუთრეს სამგზავრო თბომავალი, რომელსაც დნეპრის ერთი ნაპირიდან მეორეზე მოსახვედრად იყენებენ.

XS
SM
MD
LG