საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანის დაღუპვას.
„ქვეყანაში უმძიმესი წუთებია! სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს! გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!" -წერს „ფესისბუკის" ოფიციალურ გვერდზე პრეზიდენტი.
გუდაურთან, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.
შს მინისტრის თქმით, პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი ცოცხალი გადარჩა, ის დაშავებულია და სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. მასთან ერთად მფინავი უცხოელი ტურისტი კი დაიღუპა.
დღეს, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. განცხადების თანახმად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
შსს-ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
დაწერეთ კომენტარი