Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის თქმით, ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს


ცვხარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ მისი ადვოკატი, გიორგი გვაჯაია ესაუბრა "რუსთავი 2"-ს.

"თავად მივიდა ნებაყოფლობით, ეს არ იყო ადვოკატთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. მე მას შემდეგ მივედი, რაც თავად მივიდა. ის უკვე პოლიციის განყოფილებაში დამხვდა და უკვე იქ მოხდა მისი დაკავება. შედგა შესაბამისი ოქმი აღიარებით გამოცხადების შესახებ. მის ბრალეულ ქმედებას მოჰყვა ახალგაზრდის გარდაცვალება. გუშინ ემოციურად ძალიან მძიმედ იყო და პირობა დადო გამოძიებასთან, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გასცემდა", - აცხადებს დაკავებულის, დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატი გიორგი გვაჯაია.

22 წლამდე ახალგაზრდა კაცი პოლიციამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით გუშინ, 29 ივლისს დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. რამდენიმე საათში ამ საქმეზე დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მკვლელობის დღეს, დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.

გამოძიება ერთდროულად მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით - განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით. მათ შორის ყველაზე მძიმე კვალფიკაცია სიხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლია - განზრახ მკვლელობა. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG