Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთმა დრონით შეტევა სევასტოპოლში აღლუმის გადადების მიზნით მოიგონა


შავი ზღვის ფლოტი ოკუპირებულ სევასტოპოლში.
შავი ზღვის ფლოტი ოკუპირებულ სევასტოპოლში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა სიცრუეს უწოდებს უკრაინული უპილოტო თვითმფრინავის მიერ სევასტოპოლში მდებარე შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას, რის გამოც ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში გაუქმდა რუსეთის ფლოტის დღის საზეიმო ღონისძიებები.

"მტრის ვერსიით, თითქოს ამოუცნობი საფრენი აპარატი დღეს დილით ჩამოვარდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ტერიტორიაზე და დაჭრა 5 ადამიანი. სინამდვილეში მტერმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შიშით ვერ გარისკა შავი ზღვის ფლოტის დღის აღნიშვნა და მოიგონა საბაბი ე.წ. დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების გასაუქმებლად, რათა კვლავ არ შერცხვენილიყო მთელი მსოფლიოს წინაშე. მსგავსი განცხადებებით მტერი აღიარებს, რომ მისი საჰაერო თავდაცვა არაქმედუნარიანია, რაც კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყირიმის ხიდის არსებობას", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

სევასტოპოლის კრემლის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა 31 ივლისს განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად დაიჭრა შტაბ-ბინის ექვსი თანამშრომელი. მანამდე რაზვოჟაევი ტელეგრამით წერდა, რომ რუსეთის დღესასწაული "გაუქმდა უსაფრთხოების მიზეზებით".

სევასტოპოლი ყირიმის უდიდესი ქალაქი და ნახევარკუნძულის მნიშვნელოვანი პორტია, და იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განთავსებული. დანარჩენ ნახევარკუნძულთან ერთად, რომლის ანექსირებაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, სევასტოპოლი საერთაშორისოდ უკრაინის ნაწილადაა აღიარებული.

XS
SM
MD
LG