Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია და რას დაუპირისპირებს ტაივანი ჩინეთის მოსალოდნელ ანექსიას?


ნენსი პელოსის ბანერი ტაიბეის ერთ-ერთ შენობაზე. 3 აგვისტო, 2022 წ.
ნენსი პელოსის ბანერი ტაიბეის ერთ-ერთ შენობაზე. 3 აგვისტო, 2022 წ.

მთელი მსოფლიო დაძაბული ყურადღებით ადევნებს თვალს ტაივანის გარშემო ჩინეთის სამხედრო ძალის მორიგ დემონსტრირებას, რომლითაც პეკინმა უპასუხა ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისა და კონგრესიის დელეგაციის ვიზიტს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჯერ კიდევ პელოსის ჩასვლამდე, ტაივანის სრუტის თავზე სამშაბათს ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ, ხოლო სახალხო არმია სამშაბათიდან კვირის ჩათვლით ტაივანთან ახლოს წვრთნებს ჩაატარებს.

ტაივანი ხშირად ჩივის თავის საზღვრებთან ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენის გამო. სულ ბოლოს ძალთა დემონსტრირების ფაქტები 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში მოხდა, როდესაც ოთხი დღის განმავლობაში ჩინეთის თითქმის 150 სამხედრო თვითმფრინავი შევიდა ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის სახალხო დღესასწაულის, 1 ოქტომბრის შემდეგ.

ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირების საპასუხოდ ჰაერში ავიდნენ ტაივანის სამხედრო თვითმფრინავები და საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი სარაკეტო სისტემები, რომლებიც საკმაოდ მრავლად ჰყავს ტაიბეის აშშ-ის დახმარებით.

“სტრატეგიული გაურკვევლობა“ და ისტორიული კონტექსტი

ჩინეთი ტაივანს საკუთარ სეპარატისტულ პროვინციად თვლის, მაგრამ კუნძული, რომელშიც 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს თავს. ის ასეთადაც იყო აღიარებული და გაეროს წევრადაც ითვლებოდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.

ჩინეთის რესპუბლიკის (გომინდანის) მთავრობამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით, კომუნისტებთან სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ კუნძულს შეაფარა თავი და 1949 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჩინეთის რესპუბლიკა, რომელსაც ტაივანს იმ პერიოდიდან უწოდებენ.

1971 წლამდე გაერო ჩინეთის რესპუბლიკა ტაივანს ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებდა. ამ დრომდე ინარჩუნებდა ტაივანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ვაშინგტონიც, რომელიც იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია მილიარდიანი მოსახლეობისა და ბირთვული იარაღის მქონე ჩინეთისთვის, ეღიარებინა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და მისი "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა. მაგრამ ვაშინგტონს არასოდეს უთქვამს უარი ტაივანის უსაფრთხოების გარანტის როლზე.

სხვა საკითხია, თუ რამდენად არის ტაივანის გამო აშშ მზად ჩინეთთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისათვის? ამ შეკითხვაზე, რომელიც ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ ძალიან აქტუალურია საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში, მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა: "ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ. ჩვენ შევთანხმდით „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკაზე, ხელი მოვაწერეთ მას და მისგან გამომდინარე ყველა შეთანხმებას. მაგრამ იდეა, რომ ტაივანი შეიძლება უბრალოდ ძალით იქნეს დაპყრობილი, მიუღებელია. ეს გამოიწვევს არეულობას მთელ რეგიონში და განმეორდება ის ქმედება, რაც უკრაინაში მოხდა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა

ვალდებულებები, რომელზეც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა, გათვალისწინებულია ტაივანთან ურთიერთობის შესახებ კანონში. ამასთან, კანონის ტექსტი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ეს ე.წ. სტრატეგიული გაურკვევლობა კარგად გააზრებული პოზიციაა, რომ პეკინი დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფოს.

პეკინი ტრადიციულად ზედმეტად მგრძნობიარედ ეკიდება ამერიკელი პოლიტიკოსების ნებისმიერ საჯარო კონტაქტს ტაივანის ხელმძღვანელობასთან და დაჟინებით იმეორებს, რომ ასეთი ნაბიჯები ძირს უთხრიან "ერთი ჩინეთის" პრინციპს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 1972 წელს აღიარა. ამჯერად ნენსი პელოსის ვიზიტის გამო კრიტიკის ხარისხი შესამჩნევად მაღალი იყო. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ხომ 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა გაფრთხილება, რომ "ის, ვინც ცეცხლთან თამაშობს, თავად დაიწვება ცეცხლში". მას შემდეგ, რაც სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც ნენსი პელოსი და კონგრესის დელეგაცია იმყოფებოდა, ტაიპეიში დაეშვა, ჩინეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიზიტი ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტს და ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებსო. ამ მუქარანარევი განცხადების პარალელურად კი, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად ავიაგამანადგურებლები განალაგა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავებმა, ჩინეთსა და ტაივანს შორის სრუტეზე ფრენები განახორციელეს. ჩინეთმა კვირის ბოლოს ტაივანის სანაპიროსთან საზღვაო წვრთნა გამოაცხადა, რომლის დროსაც, ანალიტიკოსები შიშობენ, ჩინეთის გემები შესაძლოა ტაივანის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ.

პეკინისა და ვაშინგტონის რეაქციები

სპიკერ ნენსი პელოსის გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებისთვის დელიკატურ მომენტში ჩასულიყო ტაივანში, შეერთებულ შტატებში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ორ ათეულზე მეტმა რესპუბლიკელმა სენატორმა, პელოსის ტრადიციულმა კრიტიკოსებმა, სრული მხარდაჭერა გამოხატეს ტაივანში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის გადაწყვეტილების გამო, რაც, მათი თქმით, არ ეწინააღმდეგება ამერიკის მიერ ოფიციალურად აღიარებული "ერთი ჩინეთის" სტრატეგიას.

სენატში რესპუბლიკური ფრაქციის ლიდერმა მიჩ მაკონელმა, რომელმაც მხარი დაუჭირა პელოსის ტაივანში ვიზიტს, თავის გამოსვლაში ტაივანის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"მე არ ვარ შეიარაღების ექსპერტი, მაგრამ მჯერა, რომ ტაივანი განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის კუნძული, რომელიც წყლითაა გარშემორტყმული. სავსებით აშკარაა, თუ საიდან შეიძლება მასზე თავდასხმა და როგორ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, გაემგზავრება თუ არა იქ სპიკერი. თუ ახლა იქ არ წავა, ის, გარკვეული გაგებით, გამარჯვებას ჩინეთს გადაულოცავს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ტაივანელებთან, რათა მათ ხელთ არსებული შეიარაღება შეესაბამებოდეს მათ წინაშე არსებულ საფრთხეს. ამისათვის კი, ვფიქრობ, ტაივანის თავდაცვას უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, ვიდრე წარსულში ვუთმობდით", -განაცხადა მიჩ მაკონელმა.

ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტის კონტექსტში აზრი ორად არის გაყოფილი ამერიკულ მედიაშიც.

გაზეთ Wall Street Journal-ის სარედაქციო წერილის თანახმად, ნენსი პელოსის ვიზიტი არ არღვევს სტატუს-კვოს, სინამდვილეში, ამ სტატუსს ემუქრება ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, რომელიც ტაივანის ჩინეთთან გაერთიანების საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მანამდე გაცემული გარანტიების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენების მკაფიო განზრახვას ამჟღავნებს. ჩინეთის რეაქციამ პელოსის ვიზიტზე უნდა აიძულოს ვაშინგტონი და ტაიბეი, მიიღონ ზომები ტაივანში ჩინეთის შესაძლო შეჭრის თავიდან ასაცილებლადო, - წერს ამერიკული გამოცემა.

მეორე მხრივ, ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურს პეკინთან კონფლიქტი, მით უფრო, როდესაც ვაშინგტონის მთელი ყურადღება უკრაინისთვის დახმარების ორგანიზებითაა დაკავებული, რომელიც რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ თქვა, რომ აშშ-ის სამხედროების აზრით, ახლა არ არის შესაფერისი დრო, სპიკერი პელოსი ტაივანს ეწვიოსო.

New York Times-ის მიმომხილველი თომას ფრიდმანი პელოსის გადაწყვეტილებას "სრულიად უგუნურს" უწოდებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მას შეუძლია ჩინეთს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერისკენ უბიძგოს და, მეორეც, ჩინეთის ხელმძღვანელობას მისცეს შესაძლებლობა, მოქალაქეების ყურადღება სერიოზული ეკონომიკური პრობლემებიდან ე.წ. ამერიკულ საფრთხეზე გადაიტანოს.

„მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის დიდი იყოს ჩინეთის ტაივანში შეჭრის შანსი.

ამ ეტაპზე სი ძინპინის მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს თავისი არჩევა პარტიის ხელმძღვანელად და, შესაბამისად, ქვეყნის მეთაურად მიმდინარე წლის ნოემბერში და მოახდინოს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაცია. მას ალბათ ახლა რეალური კრიზისი არ სჭირდება. ვფიქრობ, ის მხოლოდ მკაცრი განცხადებებით ზრდის თავის პოპულარობას. მეტიც, სავსებით შესაძლებელია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი გაკვეთილი იყო იმის გაცნობიერება, რომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას ჯერ კიდევ სჭირდება დრო წარმატებული შეჭრისთვის საკმარისი საბრძოლო შესაძლებლობების დონის მისაღწევად", - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯუნ ტოფელ დრაიერმა, მაიამის უნივერსიტეტის პროფესორმა და წარსულში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო სამინისტროს მრჩეველმა.

როგორია სამხედრო ძალთა ბალანსი ტაივანსა და ჩინეთს შორის?

მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩინეთი ძალის დემონსტრირებიდან ძალის გამოყენებაზე გადავიდა და გადაწყვიტა სამხედრო ოპერაციით ტაივანის დაპყრობა, რამდენად აქვს წარმატების შანსი ასეთ ოპერაციას? ტაივანში მცხოვრები ისტორიკოსი და მწერალი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი კონსტანტინ ხახალინი ფიქრობს, რომ ასეთი საბრძოლო ოპერაციის წარმატების შანსი მცირეა.

„სამხედრო თვალსაზრისით, ასეთი ოპერაციის წარმატების შანსი ძალიან, ძალიან საეჭვოა. ტაივანის არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობა 215 ათას ჯარისკაცს შეადგენს. არმია პროფესიონალურია, მეტიც, მას აქვს ძალიან თანამედროვე შეიარაღება, გაწვრთნილია და მომზადებული. ეს 215 ათასი არის პირდაპირი საბრძოლო გამოყენების შეიარაღებული ძალა. ანუ, დამხმარე ერთეულების გათვალისწინების გარეშე. მთლიანობაში კი, ტაივანის სამობილიზაციო რესურსი კიდევ ორი მილიონი ადამიანია. ეს საკმაოდ სერიოზული ძალაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კონსტანტინ ხახალინმა.

რაც შეეხება ჩინეთის სახალხო არმიას, მისი საბრძოლო დანაყოფების პირადი შემადგენლობის რაოდენობა 2 მილიონზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს. ეს ტაივანის არმიაზე თითქმის 10-ჯერ მეტია, მაგრამ ცოცხალი ძალით ასეთი დიდი უპირატესობა მაინც არ აძლევს პეკინს ტაივანის ხელში ჩაგდების ოპერაციის წარმატების გარანტიას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ტაივანი კუნძულია, რომლის სრუტის სიგანე 150 კილომეტრია. გაწვრთნილი, მოტივირებული, კარგად შეიარაღებული და კარგად აღჭურვილი ტაივანის არმია სამხედრო თვალსაზრისით „კერკეტი კაკალია“ ჩინეთისთვის.

„გარდა ამისა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ტაივანმა მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ბიუჯეტის მეოთხედი მილიარდი დოლარით გაზრდის შესახებ, რაც ძალიან სერიოზული თანხაა. დღეისთვის ტაივანის სამხედრო ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს შეადგენს. ახლა ის კიდევ იზრდება. 25 მილიარდი დოლარი სამხედრო ხარჯებისთვის იმაზე უფრო მეტია, რაც აქვს ისრაელს, ქვეყანას, რომელიც გამუდმებით ომობს“, - ამბობს კონსტანტინ ხახალინი.

კონფლიქტის შემთხვევაში ტაივანს, როგორც ზემოთ ითქვა, ცხადია, კოლექტიური დასავლეთის და მისი ლიდერის, აშშ-ის დახმარების იმედიც აქვს, რაც ვაშინგტონს მანამდეც არაერთხელ დაუდასტურებია.

1950 წლის ივნისში პრეზიდენტმა ტრუმენმა აშშ-ის საზღვაო ძალების მე-7 ფლოტის გემები ტაივანის სრუტეში გაგზავნა, რათა თავიდან აეცილებინა კომუნისტური ჩინეთის ჯარების მიერ ტაივანის სამხედრო ძალით დაპყრობა.

„1995-1996 წლებში ადგილი ჰქონდა ე.წ. მესამე კრიზისს ტაივანის სრუტეში. იმხანად პეკინში ასევე ძლიერი იყო რიტორიკა მათ შორის ტაივანის ძალით დაბრუნების შესახებ. სწორედ მაშინ შეიყვანა ამერიკის ადმინისტრაციამ ტაივანის სრუტეში ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი. კერძოდ, იქ შევიდა ავიამზიდების ჯგუფი ავიამზიდ „ნიმიცის“ მეთაურობით, ხოლო ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროს ფარავდა დამრტყმელი ჯგუფი ავიამზიდ „ინდიფენდენსის“ ხელმძღვანელობით. აი, ეს იყო ტაივანის პირდაპირი სამხედრო დახმარება, რაც დიდი ჩინეთის მხრიდან სამხედრო-ძალისმიერი რიტორიკის გაზრდას მოჰყვა“, - იხსენებს კონსტანტინ ხახალინი.

მიუხედავად ტაივანის მიერ ჩინეთის მხრიდან არსებული ტერიტორიული პრეტენზიებისა, ტაივანელი ბიზნესმენები მონაწილეობდნენ და ჯერაც მონაწილეობენ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებში. რაც შეეხება პოლიტიკურ ცხოვრებას ტაივანში, ჯერაც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩინეთთან მოლაპარაკებისა და კომპრომისის გზით შეერთების ფორმულის გამოძებნას იმედოვნებენ, მაგრამ ასეთი იდეის მიმდევრები ყოველწლიურად კარგავენ მომხრეებს და პოლიტიკურ გავლენას.

„ძალიან მარტივი მაგალითია 2020 წლის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნებში ორი მთავარი კონკურენტი იყო - დემოკრატიული პროგრესული პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, ცაი ინვენი, რომელსაც კონკურენციას უწევდა გომინდანის პარტიის წარმომადგენელი, იმ დროს გაოსიუნის მერი, ჰან გუიუ. ცაი ინვენმა ძალიან მკაცრი პოზიცია დაიკავა ჩინეთში დაბრუნების საკითხზე - ეს არასოდეს მოხდებაო, - განაცხადა მან. ხოლო მისი მეტოქე ამბობდა, რომ საჭიროა კომპრომისული ვარიანტების ძებნა, რომ საჭიროა პეკინთან საუბარი, რომ საჭიროა გაძლიერება, გაზრდა და ყველანაირი კავშირის გაფართოება დიდ ჩინეთთან და, შესაძლოა, გაერთიანების მეტ-ნაკლებად მისაღები ვერსიის გარკვეულ ფორმულამდეც მივიდეთო. ცაი ინვენმა არჩევნებში რეკორდული უპირატესობით დაამარცხა ჰან გუოიუ, რომელიც იმ დროს ასევე ეჭვმიტანილი იყო ეკონომიკურ ანგარებაში. ოპონენტების თქმით, ის წარმოადგენს ზოგიერთ იმ ეკონომიკურ ჯგუფს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონტინენტურ ჩინეთთან თანამშრომლობით. ასე რომ, წასულია იმ პოლიტიკოსის კარიერის საქმე, რომელიც ტაივანის ჩინეთთან გაერთიანების შესაძლებლობაზე იწყებს საუბარს“, - ამბობს კონსტანტინ ხახალინი.

ჩინეთი ტაივანში აშშ-ის ოფიციალური პირების ვიზიტებს განიხილავს გამამხნევებელ სიგნალად პროდემოკრატიული ძალებისთვის ამ დემოკრატიულ, თვითმმართველ კუნძულზე. "ჩვენი კონგრესის დელეგაციის ტაივანში ვიზიტი პატივს მიაგებს ამერიკის ურყევ პირობას, მხარი დაუჭიროს ტაივანის დინამიკურ დემოკრატიას. ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი ამერიკის სოლიდარობა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს - როცა მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა", - განაცხადა 2 აგვისტოს ტაიბეიში მყოფმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

ეს ვიზიტი აშკარად დიდი მორალური მხარდაჭერაა ტაივანის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისთვის, რომელიც აცხადებს, რომ მხოლოდ მის ხალხს შეუძლია დაადგინოს კუნძულის მომავალი.

ხოლო 2021 წლის შემოდგომაზე, როდესაც ძალიან დაიძაბა ვითარება პეკინსა და ტაიბეის შორის, ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინვენმა გააფრთხილა პეკინი, რომ თუ ჩინეთი ტაივანს დაიპყრობდა, ამას კატასტროფული შედეგები ექნებოდა აზიაში მშვიდობისა და დემოკრატიისთვის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG