რა შეგვიკვეთეს და რა ჩამოუვათ 5 თვეში - საქართველოს არ აქვს ერთი გეგმა EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პუნქტიანი დავალება უნდა შეასრულოს. ამისთვის კი სამი გეგმა არსებობს: ოპოზიციის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის.
სამივე მხარე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებელი, რისთვისაც მაგალითად „ქართულ ოცნებას“ 81 დეპუტატიც ყოფნის. მაგრამ, მაგალითად, სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 ხმა სჭირდება.
ქართული ოცნება არაფერს ამბობს ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებასთან მიბრუნების შესახებ, რაც ევროკავშირისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებში მონაწილეობენ, ამბობენ - არ ჩანს იმის ნიშანი, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” საერთო ენის გამონახვას აპირებდნენ.
“ჯერჯერობით კონსენსუსი არ არის, არც ძვრები მის მისაღწევად”, - უთხრა რეკომენდაციების ერთ-ერთმა ავტორმა, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ რადიო თავისუფლებას.
ევროკომისია საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შეაფასებს. ვინ როგორ ხედავს თითოეული პუნქტის შესრულებას?გაიგე სანდრო გვინდაძის სტატიიდან.
მიკვირს იმ ქართველების, რომლებიც მსგავს განცხადებებს არ გმობენ - მდინარაძე დანილოვის განცხადებაზე
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებაზე პასუხად განაცხადა, რომ ცალკეული ადამიანების აღარ უკვირს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ნამდვილად უკვირს იმ ეროვნებით ქართველების, რომლებიც ასეთ განცხადებებს არ გმობენ.
მდინარაძის თქმით, საქართველოსთვის მტრულია განცხადება, რომელიც მოგვიწოდებს ომისკენ.
"საქართველოს მტრობა თუ ვინმეს უნდა, ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს“, - განაცხადა მდინარაძემ ზუგდიდში ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინულ მედია 24 Канал-თან ინტერვიუში თქვა, რომ დღესაც თვლის, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია დაიცვას საკუთარი მიწები.
კვლევა: საქართველო ეკონომიკურად უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთზე
2022 წელს უცხოეთში გატანილი ღვინის თითქმის 60 % რუსეთში გაიყიდა, საწვავის იმპორტი კი 280%-ით გაიზარდა. ჩრდილოელ მეზობელზე ეკონომიკური დამოკიდებულება სახიფათოა - წერენ კვლევის ავტორები. მოსკოვი ცნობილია იმით, რომ ეკონომიკას პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს.
3 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ (TI) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ორგანიზაციამ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით შეისწავლა. მათ შორისაა, პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი.
2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტი 2.8%-ით შემცირდა, იმპორტი კი 51%-ით გაიზარდა.
TI წერს, რომ ექსპორტის შემცირება, ყველაზე მეტად უალკოჰოლო სასმელებისა და ღვინის ხარჯზე მოხდა. ამისდა მიუხედავად, უცხოეთში გატანილი ღვინის ნახევარზე მეტი, 58% რუსეთში იყიდება.
აპრილ-ივნისში რუსეთიდან 678 მილიონი დოლარი გამოაგზავნეს. 2021 წელთან შედარებით, 6,5-ჯერ მეტი. საქართველოს მთლიან ფულად გზავნილებში რუსეთის წილი 42%-მდეა გაზრდილი.
TI-ის ვარაუდით, მეტი ფული რუსეთიდან საცხოვრებლად ჩამოსული რუსების ხარჯზე ირიცხება. ბოლო ოთხ თვეში საქართველოში თითქმის 6400 კომპანია დარეგისტრირდა. მათგან 93% ინდივიდუალური საწარმოა, ანუ რუსეთის ერთი მოქალაქე, რომელიც ბიზნესს საქართველოში აკეთებს.
სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა - როდის დაადასტურებს თავად და რას გეგმავენ ადვოკატები?
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ჯერ კიდევ წინა კვირაში გამოიტანეს ამბავი კლინიკა „ვივამედიდან“, რომ ყოფილ პრეზიდენტს სურს პოლიტიკას ჩამოშორდეს. ახლა ყველა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ელოდება, რომელსაც ის, როგორც წესი, ფეისბუკით აკეთებს ხოლმე.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ განიხილება პატიმარი ექსპრეზიდენტის მიერ განცხადების გაკეთების მიზანშეწონილობის საკითხი, რათა გამოქვეყნების დრომ და შინაარსმა არ დააზარალოს ადვოკატების სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მისაღწევად.
ადვოკატების გარდა, სასჯელის გადავადებას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გზად მიიჩნევენ მის ოჯახში, პარტიასა თუ მხარდამჭერთა წრეებში. თუმცა შეიმჩნევა გარკვეული უკმაყოფილებაც ახალი ადვოკატების მისამართით.
პარალელურად, ადვოკატები დარწმუნებულები არიან მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების სიმყარეში, სააკაშვილისთვის სასჯელის გადასავადებლად.
რა პროცესები ვითარდება სააკაშვილის დუმილის ფონზე? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ყარაბაღში მომხდარი დაპირისპირებისას მსხვერპლის შესახებ იტყობინებიან
3 აგვისტოს ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საკონტაქტო ხაზის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე უპილოტო მოიერიშე საფრენის აპარატი გამოიყენეს, რის შედეგადაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე სასიკვდილოდ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სომხეთის 8 სამხედრო მოსამსახურემ. მანამდე თავდაცვის უწყება 7 დაჭრილის შესახებ იტყობინებოდა.
გუშინ ბაქომ ერევანი სამმხრივად მიღწეული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება, რომელსაც ამ დრომდე არ უზრუნველუყვია სომხეთის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გაყვანა“.
კანცლერი შოლცი აცხადებს, რომ "გაზპრომი" განზრახ აჭიანურებს ტურბინის უკან წაღებას
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთი დაადანაშაულა ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელოვნურად შეფერხებაში მას შემდეგ, რაც კომპანია Siemens Energy-ს ქარხანაში დაათვალიერა გარემონტების შემდეგ კანადიდან დაბრუნებული გაზის ტურბინა.
შოლცის თქმით, რუსეთს ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირების არანაირი ტექნიკური მიზეზი არ აქვს და მისი არგუმენტები ფაქტებით ახსნას არ ექვემდებარება. გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთი განზრახ აჭიანურებს ტურბინის უკან წაღებას.
Siemens Energy-ს ხელმძღვანელის, ქრისტიან ბრუხის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ტურბინა რუსეთში დაბრუნდეს, საჭიროა მხოლოდ კომპანია „გაზპრომის“ შესაბამისი განაცხადი. ბრუხის თქმით, ტურბინა რუსეთში გასაგზავნად მზად არის და „გაზპრომის“ მიერ პროცესის გაჭიანურება გაუგებარია. გერმანიის კანცლერ შოლცის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი ტურბინას წაიღებს, მისგან გაზით მომარაგებაში ახალი პრობლემებისთვის უნდა მოემზადონ
„ხალხი თურქეთში გადადის ზეთის საყიდლად“ – „დეზერტირების ბაზარში“ მოსმენილი დიალოგები
თბილისში, „დეზერტირების ბაზარზე“ სიხალვათეა. გამყიდველების ნაწილი პაპანაქებაში დგას, ზოგი აცა-ბაცა ჩამოფარებულ ნაჭრებს აფარებს თავს. სანამ კლიენტი გამოჩნდება დრო გაჰყავთ: ორნი ნარდს თამაშობენ, ერთი ქსოვს, ერთი კითხულობს, სხვები ერთმანეთში ლაპარაკობენ...
„სადაა ვაჭრობა, ვაჭრობა რომ იყოს საჭორაოდ მოვიცლიდით?“ - ამბობს ქალი, რომელიც ჩურჩხელასა და ბურღულეულს ჰყიდის. მისი დახლის მეზობელი, შუახნის მამაკაცი კლიენტების სიმცირეს ზაფხულის სიცხეს აბრალებს, ფასებიც არანაკლებ საშიშად გამოიყურება.
„ხილ-ბოსტანზე დიდი არაფერია მომატებული, შარშან უფრო ძვირი ღირდა. კარტოფილი 70-80 თეთრზე ჩამოვიდა. აი, შემოტანილ პროდუქტზე - კი: შაქარი, ბრინჯი, ზეთი... ზეთი ყველაზე ცოტა 8 ლარი ღირს. დოლარი რომ გაძვირდა, მაშინ გაიზარდა ფასები. დოლარმა დაიწია, მაგრამ ფასი იგივე დარჩა. ხალხი ნაკლებად ყიდულობს. თურქეთში გადადიან პროდუქტების საყიდლად, სარფს როგორც კი გადახვალ იქვეა ბაზრობა. მე მოვკვდე, ბევრი თბილისიდანაც ჩადის. აქ ხუთი ლიტრი ზეთი 45 ლარი ღირს, სარფში - 25. სარფში ქიშმიში კილო 5 ლარი ღირს; ბრინჯი - 2 ლარი. ნუთუ განბაჟება იმდენი ჯდება, რომ აქ გასამმაგებულია ფასი?“
ზოია ზარქუა პომიდვრებს დახლზე აწყობს და თან ჩივის, ასეთ მძიმე მდგომარეობას მე კი არა ჩემზე უფროსებიც არ მოსწრებიანო. ზოია ყველს და ხილ-ბოსტანს ყიდის. ყველი კილო 13 ლარია. თუ არ გაიყიდა, გადაყრა მომიწევსო.
დეზერტირების ბაზარში მოსმენილი დიალოგები წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.
ნათია ჭიჭინაძე, იგივე Creams საქართველოშიც უყვართ და მას, ნელ-ნელა, საზღვარგარეთაც უსმენენ. ნათია გვიყვება, თუ როგორ აღმოაჩინა თავისმა ლეიბლმა, რისთვის აკეთებს მუსიკას და როგორი განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ქალი და კაცი პროდიუსერების მიმართ.
დაწერეთ კომენტარი