Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა  - როდის დაადასტურებს თავად და რას გეგმავენ ადვოკატები? 


პენიტენციური სამსახურის მიერ 2021 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრები ადასტურებს, რომ „ციხის საავადმყოფოში“ გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის ნების გარეშე, ძალის გამოყენებით მოხდა.
პენიტენციური სამსახურის მიერ 2021 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრები ადასტურებს, რომ „ციხის საავადმყოფოში“ გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის ნების გარეშე, ძალის გამოყენებით მოხდა.

ჯერჯერობით თავად მიხეილ სააკაშვილს არ დაუდასტურებია ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აპირებს ჩამოშორდეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და მისი დაფუძნებული პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველანაირ საქმიანობას.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ განიხილება პატიმარი ექსპრეზიდენტის მიერ განცხადების გაკეთების მიზანშეწონილობის საკითხი, რათა გამოქვეყნების დრომ და შინაარსმა არ დააზარალოს ადვოკატების სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მისაღწევად.

ადვოკატების გარდა, სასჯელის გადავადებას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გზად მიიჩნევენ მის ოჯახში, პარტიასა თუ მხარდამჭერთა წრეებში. თუმცა შეიმჩნევა გარკვეული უკმაყოფილებაც ახალი ადვოკატების მისამართით.

პარალელურად, ადვოკატები აცხადებენ, რომ შეგროვილია მრავალი მტკიცებულება იმ დარღვევების გამოსააშკარავებლად, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს სასჯელის გადავადება და მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა.

  • რა პროცესები ვითარდება სააკაშვილის დუმილის ფონზე?
  • როდის გაიმართება ადვოკატების მიერ დაპირებული უპრეცედენტო სასამართლო პროცესი?

შეუთანხმებელი განცხადებები არ კეთდება

„წარმოიდგინეთ, ოთახში რომ უცებ ამოიწუროს ჟანგბადი, რაზე იფიქრებთ პირველ რიგში - ჟანგბადზე თუ საბანკო სესხის დაფარვაზე, რომელიც, ვთქვათ, თვის ბოლოს გიწევთ?!“, - რადიო თავისუფლებასთან რიტორიკულ შეკითხვას სვამს ენმ-ის წარმომადგენელი, გიორგი ჩალაძე, რომელსაც, როგორც ამბობს, მესამე პრეზიდენტთან ფიზიკური შეხვედრის საშუალება არა აქვს, მაგრამ „ინფორმაციის გაცვლით, ყოველდღიურ კომუნიკაციას“ ახერხებს.

ჩალაძე ასევე ამბობს, რომ ადვოკატები - შალვა ხაჭაპურიძე და ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილის პოზიციებთან სრული შესაბამისობით მოქმედებენ და შესაძლებელია დანამდვილებით იმის თქმაც, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს თანაგუნდელების ან მხარდამჭერების მიმართ "ბრაზი ან იმედგაცრუება".

„ეს თემები აუცილებლად უნდა მოიხსნას [დისკუსიებიდან], რადგან: 1. [ენმ-ის შიგნით, მენეჯმენტთან] დაპირისპირება არ არსებობს; 2. [ადვოკატების მიერ] შეუთანხმებელი განცხადებები არ კეთდება და 3. მისი ასეთი პოზიცია [პოლიტიკისგან მისი დისტანცირება] გამოწვეულია იმით, რომ თავისუფალი არჩევნის საშუალება არა აქვს - ჯანმრთელობა არ აძლევს ამის საშუალებას....

ახლა ვითარება ისეთია, რომ ჯანმრთელობის გარდა, სხვა არცერთ საკითხზე არ ხდება კონცენტრირება... ჩვენი ამოცანა ახლა მისი გადარჩენაა... გვაქვს ერთმანეთზე გადაბმული პროცესები, რომლებმაც მიგვიყვანა აქამდე. ახლა არ არის იმის დრო, რომ გავარჩიოთ - ვის რაში მიუძღვის ბრალი“, - გვეუბნება ჩალაძე.

მიხეილ სააკაშვილის დაცვის პროცესში ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძისა და ვალერი გელბახიანის ჩართვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა თუ მხარდამჭერების ერთ ნაწილში დაუფარავ უკმაყოფილებას იწვევს. ისინი, მაგალითად, ხაჭაპურიძეს - „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრობასა და თავად სააკაშვილისა თუ ამჟამინდელი ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ არაერთ ქმედებას; ხოლო წარსულში ორგზის პარლამენტარ გელბახიანს ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირის“ აქტიურ წევრობას შეახსენებენ. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილს სწორედ მათ მოახვიეს თავს.

ჩალაძე ამბობს, რომ ადვოკატები, პროფესიონალიზმის ნიშნით, თავად მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ნების შესაბამისად შეირჩნენ.

„დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“ - ვაჟა-ფშაველას სიტყვების ციტირებით, შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ივნისში გახდა;
„ქართულ ოცნებაში“ ის 2011 წელს შევიდა და თეთრიწყაროში მაჟორიტარი კანდიდატიც იყო, თუმცა არჩევნებში ვერ გაიმარჯვა.
„ოცნება“ ხაჭაპურიძემ 2019 წლის დეკემბერში დატოვა და ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არაერთი მიზეზიც დაასახელა - საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო და 20 ივნისის მოვლენები.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ ინტერესდება ქართული პოლიტიკის პროცესებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობით და თავს ვეღარ ხედავს ქართულ პოლიტიკაში.

და რატომ დუმს თავად მიხეილ სააკაშვილი და თუ აპირებს განცხადების გამოქვეყნებას პოლიტიკისგან დისტანცირების გეგმასთან დაკავშირებით? - ვეკითხებით ვალერი გელბახიანს. ის კი გვპასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერ შეთანხმებული არ არის:

„ჩვენ გვინდოდა, რომ მას განცხადება გაეკეთებინა, მაგრამ გუშინდელი კონსულტაციის შემდეგ, დღეს ბატონი ხაჭაპურიძე გაივლის კონსულტაციას, ხვალ ისევ მე ჩავერთვები... მოსაფიქრებელია, შედეგობრივად, ამ ეტაპზე აუცილებელია თუ არა [განცხადების გაკეთება], თუ უნდა დაველოდოთ, დავუშვათ, იგივე ამერიკელებთან, ევროპელებთან ურთიერთობას და ამის შემდეგ გაკეთდეს განცხადება?! ... განცხადება გაკეთდება, მაგრამ რომელ ეტაპზე - ეს უკვე ტაქტიკისა და გათვლის საკითხია, პოზიტიური შედეგების მისაღებად“, - გვითხრა 3 აგვისტოს ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა და ასევე დადებითად უპასუხა დამაზუსტებელ შეკითხვას - უკავშირდება თუ არა სიფრთხილე იმას, რომ სააკაშვილის განცხადების შინაარსმა არ დააზიანოს დაცვის მიერ არჩეული ტაქტიკა?

3 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა ხაჭაპურიძემ მედიას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მას დღეს პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე აღარ უსაუბრია.

პოლიტიკიდან სააკაშვილის წასვლის გადაწყვეტილებას ხელისუფლება ხრიკად განიხილავს

„არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან“, - ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფერზე საუბრით, საქართველოში არის 9 500 პატიმარი, 9 500 პატიმარი იხდის სასჯელს და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ უაზრო საუბრით“, - აცხადებს ის.

31 ივლისს ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ, როგორც დამფუძნებელი, „მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის განუყოფელი ნაწილია“ და „დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია“ და ამ სტრატეგიის ნაწილია, რომ სააკაშვილი „პოლიტიკით აღარ ინტერესდება“.
თუმცა უკვე 2 აგვისტოს მელიამ დააზუსტა, რომ „ტაქტიკა არაფერ შუაშია“ და „თავიდან ბოლომდე მივესალმები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან“ და დამნაშავეა „ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც სააკაშვილი ამ კონდიციამდე მიიყვანა“.

პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს

ადვოკატები აცხადებენ, რომ პოლიტიკისგან დისტანცირების გადაწყვეტილებას კავშირი არა აქვს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა და სამკურნალოდ მისი გაშვების მიზანთან, რომლისთვისაც, როგორც ირწმუნებიან, საფუძველი უკვე მომზადებულია.

3 აგვისტოს ვალერი გელბახიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასჯელის გადავადების მოთხოვნა გამყარებული იქნება მტკიცებულებების „მასშტაბური პაკეტით”, რომელიც, დაკავების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის პროცესში არაერთ უტყუარ და უხეშ დარღვევას ასახავს და სახელმწიფო მათზე დამაჯერებელი, საპირისპირო პასუხების გაცემას ვერ მოახერხებს. მანამდე, შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ შეგროვილი მასალები „10 ათას ფურცელს“ მოიცავს და საზოგადოება „შოკისმომგვრელ ფაქტებს“ გაიგებს უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე, „რომლის მსგავსიც საქართველოში არასოდეს ჩატარებულა“.

როდისთვის მოელიან ამ სასამართლო პროცესის დანიშვნას?

ვალერი გელბახიანი გვეუბნება, რომ სასამართლოს მიმართავენ მალევე მას შემდეგ, რაც ხელთ ექნებათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, რომლის მომზადებაშიც მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ ამერიკელმა სპეციალისტებმაც, ამჟამად არსებული მასალებისა და ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნის შეჯერების საფუძველზე.

შალვა ხაჭაპურიძემ მანამდე, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ივარაუდა, რომ სასამართლო პროცესი 20 აგვისტოსთვის ჩატარდება.

როდის ჩამოდიან ამერიკელი ექსპერტები?

ადვოკატების ინფორმაციით, ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი ძალიან მალე მოახერხებს ჩამოსვლას მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამისი ნებართვა იქნება მიღებული.

„გუშინწინ ჩამოვიდა მათი [ამერიკელი ექსპერტების] დოკუმენტები, გუშინ ითარგმნა... და დღის ბოლოს, მაქსიმუმ - ხვალ დილით, უკვე იქნება ჯანდაცვის სამინისტროში. სამინისტროში მოქმედებს სპეციალური კომისია, რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება, მაგრამ ჩვენ ვთხოვთ, რომ, იქნებ, დისტანციურად ჩაერთონ და გაეცნონ ამ დოკუმენტებს და რაც შეიძლება სწრაფად მოგვცენ ნებართვები, ლიცენზიები, რომ დროულად ჩამოვიყვანოთ... როგორც კი ამ ლიცენზიებს ავიღებთ, დავურეკავთ ამერიკელებს და 2-3 დღეში უკვე აქ იქნებიან“, - უთხრა ადვოკატმა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს, 3 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ.

სად არიან სხვა ადვოკატები?

მას შემდეგ, რაც შალვა ხაჭაპურიძე და ვალერი გელბახიანი გამოჩნდნენ, თითქოს თვალთახედვის არიდან გაქრნენ მიხეილ სააკაშვილის სხვა ადვოკატები, რომლებიც მანამდე აქტიურობდნენ. ცხადია, აქ არ იგულისხმება ნიკა გვარამია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ყველა ძველი ადვოკატი, და მათ შორის - თავადაც, კვლავინდებურად განაგრძობს მუშაობას და ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან. თუთბერიძის განმარტებით, ხაჭაპურიძე და გელბახიანი უპირატესად უძღვებიან სასჯელის გადავადების მიმართულებას; ხოლო სხვები უფრო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ პროცესებში არიან ჩართული, თუმცა სასჯელის გადავადების მიმართულებითაც უწევთ მუშაობა.

„სამედიცინო ისტორია, რომელიც ჩვენ ამ ეტაპზე გადმოგვეცა, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, ვთქვათ, რომ მას არათუ შესაბამისი მკურნალობა არ უტარდებოდა, არამედ ხშირ შემთხვევაში, დანაშაულებრივ უმოქმედობასთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე“, - გვეუბნება თუთბერიძე. მსგავს ბრალდებებს ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდნენ სახელმწიფო სტრუქტურები.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკისგან დისტანცირების გადაწყვეტილებას, თუთბერიძე გვეუბნება, რომ ის არ უნდა იქნეს განხილული დეპოლარიზაციის ჭრილში, რადგან დეპოლარიზაციის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ „ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემთხვევაში“.

ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან; თუმცა, მაგალითად, ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, აუცილებელია „სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის“ უზრუნველყოფა; ხოლო დაკავებულთა შორის, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ნიკა გვარამიაც არის მოხსენიებული ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს დამტკიცებულ რეზოლუციაში. ტექსტში ნათქვამია, რომ გვარამიას განაჩენი „ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მუდმივ უნდობლობას“.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.
1 ოქტომბერს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა. დამოუკიდებელი სამედიცინო დასკვნებისა და ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ოჯახი და ადვოკატები, შესაბამისი მკურნალობისთვის, მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG