აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისი არმიის ქვედანაყოფებმა კონტროლი დაამყარეს რამდენიმე სიმაღლეზე ყარაბაღის ქედის გასწვრივ. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ეს არის შედეგი საპასუხო ოპერაციისა, რომელიც მოჰყვა „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების“ მიერ ქალბაჯარის და ლაჩინის რაიონებში მდებარე ქედზე ერთ-ერთი სიმაღლის დაკავების მცდელობას.
ბაქოს თანახმად, 3 აგვისტოს, „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით განთავსებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების უხეშად დარღვევით ჩაატარეს ტერორისტულ-დივერსიული ოპერაცია აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ“. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა არმიის ერთი სამხედრო მოსამსახურე. უწყების ცნობითვე, საპასუხო ოპერაციის შედეგად 3 აგვისტოს დაკავებულ სიმაღლეებზე მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები ახალი პოზიციების მოსაწყობად.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საჰაერო დარტყმით განადგურებულია „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების“ სამხედრო ნაწილის ცოცხალი ძალა, რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებები და საბრძოლო მასალები. აზერბაიჯანის თანახმად, მას არაერთხელ განუცხადებია, რომ ტერიტორიაზე, სადაც დროებით განთავსებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, სომხური ფორმირებების ყოფნა საფრთხის წყარო იყო, ამიტომ, აზერბაიჯანის ამ ტერიტორიის დემილიტარიზაცია გარდაუვალი გახდა.
თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
სომხური მხარის ინფორმაციით, 3 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმიის თავდასხმისას, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები, ორი სამხედრო დაიღუპა. მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა მიქაელ აირიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს უთხრა, რომ დაჭრილია 19 სამხედრო, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი, უკიდურესად მძიმეა. აირიანის ინფორმაციით, დაჭრილების ნაწილი ერევანში გადაიყვანეს.
3 აგვისტოს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად სომხური მხარის ნაბიჯების მიუხედავად, აზერბაიჯანი განაგრძობს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დაშინების წინასწარ დაგეგმილ პოლიტიკას, ეთნიკურ წმენდას და მცოცავ ოკუპაციას“. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაუშვებელია აზერბაიჯანის მცდელობა „ცალმხრივად შეცვალოს სამართლებრივი რეჟიმი ლაჩინის დერეფანში“, რადგან 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი დოკუმენტით, ამ ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა მიერ დამტკიცებული გეგმით. ერევანში აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტით, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის წარმომადგენლებმა ლაჩინის დერეფნით მთიანი ყარაბაღის და სომხეთის დამაკავშირებელი ახალი მარშრუტის გეგმა სამი წლის განმავლობაში უნდა განსაზღვრონ, თუმცა, პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
მთიან ყარაბაღში 90-იანი წლების შემდეგ მეორე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და დაახლოებით თვე-ნახევარს გაგრძელდა. 2020 წლის 10 ნოემბერს, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა, რეგიონში კი, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდა.