პოლიციამ დააკავა "კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" ("კანვენის") ექიმი, რომელსაც გამოძიება ამავე კლინიკის დირექტორის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კაცი მალევე დააკავეს და იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ექიმი 1942 წელს დაიბადა, ის 80 წლის არის.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი - 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა", - აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით - ამ მუხლით განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ წერია, რომ საქმეს დაემატა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
დაწერეთ კომენტარი