კლინიკა "კანვენის" დირექტორის დაჭრაში ბრალდებული ექიმის ადვოკატი, კახა შონია დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ მედიას ეუბნება, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მიზანი არა განზრახ მკვლელობა, არამედ დაშინება იყო. "TV პირველისთის" მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი ამბობს, რომ წლების წინ მეგობრებს შორის ურთიერთობა დირექტორის მიღებული გადაწყვეტილებების გამო დაიძაბა.
"წლების განმავლობაში მეგობრები იყვნენ, ბოლო პერიოდში ყოფით ნიადაგზე დაიძაბა ურთიერთობა. როგორც თვითონ განმარტავს, იარაღი შეიტანა მხოლოდ და მხოლოდ შესაშინებლად. მოკვლის განზრახვა არ ჰქონია...
გასროლა მოხდა 3-5 მეტრის მანძილიდან. თვითონ ამბობს, რომ ამ ადამიანის მოკვლა რომ მდომოდა, ხელს არაფერი შემიშლიდაო. არ არის გამორიცხული დაზარალებული პიროვნება გვერდით გაიწია და ტყვია ასე აქვს მარჯვენა მლკავში მოხვედრილი", - ამბობს ადვოკატი.
კახა შონია ამბობს, რომ დირექტორსა და კლინიკის ექიმს შორის უთანხმოება რამდენიმე საკითხით იყო გამოწვეული: სამუშაო ოთახის შეცვლით, მის ოთახში კონდიციონერის არდაყენებითა და ბოლოს უკვე სამსახურიდან გათავისუფლების გამო.
"მას ხელმძღვანელმა პირმა რამდენჯერმე შეუცვალა სამუშაო კაბინეტი, ადამიანი ასაკში იყო და ამით განაწყენდა და რასაც მე ყოფით კონფლიქტს ვუწოდებ, ამით დაიწყო... ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლდა - ამ ხელმძღვანელმა იურისტის პირით შემოუთვალა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. ამის შემდეგ შევიდა კაბინეტში დაშინების მიზნით და ჰკითხა რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან.
როგორც ამბობს, ამ დროს წამოვიდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მან ეს იარაღიდან, რომელიც თან ჰქონდა, განახორციელა გასროლა...
პირველად ეს ბრალდებული იჯდა სხვა კაბინეტში, შემდეგ უფროსმა სხვა კაბინეტში გადაიყვანა, იქ კონდენციონერი არ იყო. დაჰპირდა, რომ დაუყენებდა, თუმცა არ მოხდა. შემდეგ თვითონვე შეიძინა თავისი სახსრებით და დაამონტაჟა. მესამედაც შეუცვალეს კაბინეტი, იქაც არ იყო კონდინციონერი - მითხრა, რომ დამიყენებდაო. თავისი კონდიციონერის გადატანა უნდოდა და ამის უფლება არ მომცაო", - ამბობს ადვოკატი.
დაკავებული ექიმის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს: აღიარა, რომ მისი იარაღიდან არის ტყვია ნასროლი და მანვე მიუთითა იმ ადგილზე სადაც ამ იარაღის პოვნა იყო შესაძლებელი.
"მას ჰქონდა ამ იარაღის შენახვის უფლება, ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაიფორმა და ბოლო 11 წლის განმავლობაში ინახავდა სამსახურში, სამუშაო კაბინეტში - რადგან განმარტა, რომ პატარა შვილიშვილები ჰყავს და არ იყო სახლში შენახვა უსაფრთხო. ტარების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ შენახვის უფლება ჰქონდა. ეს კაბინეტები არის ახლო, შენობის გარეთ არ წაუღია", - ამბობს ადვოკატი.
გუშინ, 5 აგვისტოს მედიამ გაიგო, რომ "კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" ("კანვენის") ექიმმა კლინიკის დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით - ამ მუხლით განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დღეს, 6 აგვისტოს ინფორმაცია გაავრცელა, რომ დააკავეს 1942 წელს დაკავებული ექიმი. ბრალდებული 80 წლის კაცია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი - 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა", - აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში.
დაწერეთ კომენტარი