ეგვიპტემ ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას ზავის დადება შესთავაზა, რასაც "როიტერის" ცნობით, ისრაელი დათანხმდა, მაგრამ პალესტინელებს ამ წინადადებაზე ჯერ არ უპასუხიათ.
5 აგვისტოს ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში პალესტინის ისლამური ჯიჰადის ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაცია "გარიჟრაჟი" დაიწყო. ისრაელის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.
მედიის ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ღაზიდან ისრაელის ტერიტორიაზე თითქმის 600 რაკეტა გაუშვეს. დაშავდა 30-მდე ებრაელი.
ისლამური ჯიჰადის ბაზებზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, ჯგუფის ორი მეთაური, ხალედ მანსური და ტაისირ ალ—ჯაბარი დაიღუპნენ. პალესტინის ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. 253 - ადამიანი დაიჭრა.
არაბეთ-ისრაელის კონფლიქტმა გამწვავება ორშაბათს დაიწყო, როდესაც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი, ბასამ ალ-საადი დააკავეს. დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მისი ლიდერის დაპატიმრებას უპასუხოდ არ დატოვებს.
ისრაელის დაზვერვამ ისლამისტების მიერ მომზადებული ტერაქტების შესახებ განაცხადა. პარასკევს ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
დაწერეთ კომენტარი