Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო მოუწოდებს რუსეთს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გათავისუფლებისკენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 აგვისტოს


მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოუწოდებს რუსეთს გაათავისუფლოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგური

მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და შეწყვიტოს უკრაინის ოკუპაცია.
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ყველაზე მსხვილი ატომური სადგურია მთელ ევროპაში და მისი ბედი განსაკუთრებით აღელვებს საერთაშორისო თანამეგობრობას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების დარღვევა.

პარალელურად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ჯარებს მოუწოდა, სამხედრო მიზნებით არ გამოიყენონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. მან თქვა, რომ უკრაინა მიზანში ამოიღებს რუსეთის ჯარისკაცებს, რომლებიც ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ესვრიან ან მისი ტერიტორიიდან გახსნიან ცეცხლს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

EU პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში მელიაზე, გვარამიაზე, ჯაფარიძე-ხაზარაძესა და სააკაშვილზე საუბრობს

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშში ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკურად სენსიტიურ სასამართლო საქმეებში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას; პარტია "ლელოს" ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის; "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიასა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისა და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

"პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას", - აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე იყო ზეწოლა, რადგან უწყება არ ერიდებოდა სენსიტიურ საკითხებზე ხმამაღალ საუბარს. ომბუდსმენის საქმიანობა ამ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული.

წაიკითხე მეტი.

ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება მოხდა. გარდაიცვალა სულ მცირე ერთი და დაშავდა 20 ადამიანი. ნანგრევებში დაშავებულებს გუშინ მაშველები ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით აფეთქება ფეიერვერკების სექციაში მოხდა, რამაც შემდეგ ხანძარი გამოიწვია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს აფეთქება და კვამლი ხალხმრავალი სავაჭრო ცენტრიდან.

წაიკითხე და ნახე მეტი.

კაიროში კოპტურ ეკლესიაში ხანძრის შედეგად მინიმუმ 41 ადამიანი დაიღუპა

14 აგვისტოს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, კოპტური ეკლესიის ტაძარში, ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა მინიმუმ 41 ადამიანი და 14 დაშავდა, განაცხადა ეკლესიამ.

მუშათა რაიონში მდებარე აბუ სეფეინის ტაძარში გაჩენილი ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით არ არის ნათელი. გამოძიების წინასწარი დასკვნის თანახმად, მიზეზი შეიძლება იყოს მოკლე ჩართვა.

ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მსხვერპლი გამოიწვია კვამლმა და ჭყლეტამ, როცა ხალხი გაქცევას ლამობდა.

სალმან რუშდის შეუწყვიტეს ხელოვნური სუნთქვა, მას ლაპარაკი შეუძლია

ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის, რომელზეც პარასკევს თავდასხმა განხორციელდა, შეუწყვიტეს ხელოვნური სუნთქვა და მას ლაპარაკი შეუძლია.

რუშდიზე თავდასხმასა და მისთვის დანით ჭრილობების მიყენებაში ეჭვმიტანილ პირს მკვლელობის მცდელობისა და თავდასხმის ბრალდება წაუყენეს. ის წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს გირაოთი გათავისუფლების უფლების გარეშე.

ამის შესახებ განაცხადა ნიუ-იორკის შტატის ჩაუტოკვის ოლქის ხელისუფლებამ, სადაც მოხდა დანაშაული.

პოლიციის თანახმად, დაპატიმრებულია 24 წლის ჰადი მატარი ნიუ-ჯერსიდან. მატარის მშობლები ლიბანელი მიგრანტები არიან. მან ადვოკატის მეშვეობით განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

წაიკითხე მეტი.

„ომი აფხაზეთისთვის“ - როგორ დაიწყო

„14 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ აფხაზეთში, შევიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლო მოუღონ დასავლეთ საქართველოს რაიონებში შეიარაღებული ბანდების თარეშს, რომლებმაც გასულ ღამესაც განახორციელეს მორიგი დივერსია - ააფეთქეს რკინიგზის ხიდი. სამწუხაროდ, ამ ოპერაციის მსვლელობის დროს მოხდა შეტაკება ეროვნული არმიის ქვეგანაყოფსა და აფხაზეთის გვარდიას შორის. არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები“, - 30 წლის წინ, 1992 წლის 15 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების, სახელმწიფო საბჭოს მიერ პრესითა და ტელევიზიით გავრცელებული ამ განცხადებით დაიწყო სამხედრო-პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ქართველმა ისტორიკოსებმა „ომი აფხაზეთისთვის“ („ომი აფხაზეთში“) უწოდეს და, რომლის აქტიურმა, 13-თვიანმა ფაზამ 16 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 300 ათასამდე ადამიანი დევნილად აქცია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები და რკინიგზის დეპარტამენტის გასამხედროებული დაცვის რაზმები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1992 წლის 14 აგვისტოს დილის 7 საათზე შევიდნენ. 14 აგვისტოსვე მოხდა პირველი შეიარაღებული დაპირისპირება:

ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯავშანკოლონას ცეცხლი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან გაუხსნა, რასაც პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ბრძოლები გაიმართა გულრიფშის რაიონის დაბა აგუძერასთან (სადაც ე.წ. აფხაზეთის შინაგანი ჯარის განსაკუთრებული პოლკის ბატალიონმა ქართულ კოლონას ცეცხლი გაუხსნა და ერთი ჯავშანმანქანა ააფეთქა), ბაბუშერის აეროპორტსა და სოხუმში „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

რა ხდებოდა 14 აგვისტომდე - სეპარატიზმი და გამოუცხადებელი ომი რუსეთთან. წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ზვიად აძინბაია, აფხაზი ქართველია, გალიდან. იგი იმდენივე წლისაა, რამდენსაც ითვლის აფხაზეთის ომი, 30-ის. აძინბაია „ციფრული დიპლომატიის სპეციალური შტაბის“ დამფუძნებელი, რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, თუ რატომ არის პრობლემატური ტერმინი: „აფხაზები ჩვენი ძმები არიან“, რა უნდათ სოხუმში, რომ თბილისიდან გაიგონ, რას ფიქრობს თავის აფხაზ ნათესავებთან გაუცხოებაზე და რა არის „გალი Jazz”

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG